ახალი ამბები
„ტურისტულ ქალაქში ერთი ლარი არ ჩადეს ტურიზმის განვითარებაში“ – ენმ წყალტუბოს ბიუჯეტს იწუნებს
FaceBook
წყალტუბოს საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტს, რომელიც ხმათა უმრავლესობით დღეს დაამტკიცეს, მხარი არ დაუჭირეს.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა საღარეიშვილმა პრესკლუბ "მედიარუმში" განაცხადა, აღმასრულებელმა დასამტკიცებლად მოუმზადებელი პროექტი გაიტანა, სადაც მთავარ პრიორიტეტად ადმინისტრაციული ხარჯებია დასახელებული.

ნაკლები ყურადღება ეთმობა სოციალურ სფეროს, ხოლო, ტურიზმისთვის, რომლისგანაც ქალაქი ძირითად შემოსავალს იღებს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თანხა საერთოდ არ გაითვალისწინა.

"წყალტუბოს მთავარი შემოსავალი უნდა იყოს ტურიზმი და ამ მიმართულებით უნდა ხდებოდეს ქალაქისთვის ხელის შეწყობა. ამ ფონზე კი ადგილობრივი ხელისუფლება ერთ თეთრსაც არ ითვალისწინებს ბიუჯეტში. პარადოქსია ისიც, რომ ბიუჯეტის პრიორიტეტად დასახელდა წარმომადგენლობითი ხარჯები, რომელიც 400 000 ლარით გაზარდეს და მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ციფრმა 3 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო სოციალური პროგრამების ბიუჯეტი ერთ მილიონ ლარსაც ვერ აღწევს. იმდენად ნაჩქარევად შეადგინეს ბიუჯეტი, რომ ერთ–ერთ პროგრამად ჩაწერეს ავტორიზებული სასწავლებლების დაფინანსება, მაშინ, როცა ასეთი სასწავლებელი წყალტუბოში საერთოდ არ არის",– ამბობს მამუკა საღარეიშვლი.

მისი თქმით, ხელისუფლება არასაკმარის თანხას ხარჯავს ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც, მაშინ, როცა ქალაქში ამ მხრივ უამრავი პრობლემაა.

წყალტუბოს 2019 წლის ბიუჯეტს მხარი არც "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა დაუჭირეს.

Print