ახალი ამბები
„პროკურატურა და შსს შეთანხმებული არიან“ –ზაზა სარალიძემ დღეს მთავარ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო
FaceBook

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობა უკვე დატოვა.


სარალიძე, რომელიც ქუთაისში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსასმენად ჩამოვიდა, ამბობს, რომ მთავარ შეკითხვაზე, თუ ვინ მოკლა მისი შვილი, გიორგი გახარიასგან პასუხი არ მიუღია. სარალიძე ამ დრომდე თვლის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა შეთანხმებულად მოქმედებენ.

"ჩემი შვილის მკვლელი არის გარეთ და ვერ დავეთანხმები მინისტრს იმაში, რომ მ.კ.–ზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არ არსებობს. ამას, უბრალოდ, სჭირდება ვიღაცის კეთილი ნება, თუმცა, კონკრეტულად ვისი, არ ვიცი. პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო არიან რაღაცაზე შეთანხმებულები",–ამბობს ზაზა სარალიძე.

მან ასევე, ისაუბრა გახარიას განცხადებაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ამ საქმეში სამოხელეო დანაშაულის მიმართულებით გამოძიება დაიწყოს. სარალიძის თქმით, ამაზე იგი თავიდანვე საუბრობდა.

"სამოხელეო ნაწილში გამოძიების დაწყება არის სიახლე, თუმცა, მე ამას თავიდანვე ვითხოვდი და როგორც აღმოჩნდა, ამაში უცნაური არაფერი ყოფილა. სწორედ მათგან უნდა დაწყებულიყო გამოძიება, ვინც გააყალბა ეს საქმე. ესენი, როგორც ჩანს, ახლა მიხვდნენ ამას",–განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე საუბრისას განაცხადა, რომ თუ გამოიკვეთება საქმეში სამოხელეო დანაშაული, იგი მზად არის პირველი მივიდეს დაკითხვაზე.

მან ასევე უპასუხა დეპუტატების შეკითხვას მ.კ.–ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული პერსპექტივები არსებობს, თუმცა, დეტალებზე არ ისაუბრებს, რადგან პოლიტიკურ სპეკულაციებს არ აპირებს.

 

Print