ახალი ამბები
„მ.კ.–სთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული პერსპექტივები“–გიორგი გახარია
FaceBook
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩის საქმის ერთ–ერთი ფიგურანტის, მ.კ.–ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით,  ოპოზიციის კითხვას უპასუხა. გახარიას თქმით, ამ მიმართულებით არსებობს გარკვეული პერსპექტივები, თუმცა, დეტალებით სპეკულირებას არ აპირებს. 

"გარკვეულ პერსპექტივებს ვხედავთ ამ მიმართულებით, თუმცა, კონკრეტული დეტალებით სპეკულირებას არ ვაპირებ",–განაცხადა გახარიამ. 

მინისტრმა პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზეც ისაუბრა. მინისტრის თქმით, კომისიამ ვერ შეასრულა თავისი ფუნქცია და მას არსებითად ახალი არაფერი უთქვამს. მინისტრმა კომისიაში შემავალი ოპოზიციის წევრები საგამოძიებო კომისიის დისკრედიტაციაშიც დაადანაშაულა.

"თქვენ უნდა დაგედასტურებიათ ის, რომ კონკრეტული მოხელეების მიერ ადგილი ჰქონდა გადაცდომებს, მაგრამ   ვერ შეძელით. კომისიამ ვერ შეასრულა მისი ფუნქცია. ვერ მომიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც არ იყო მანამდე გამოვლენილი გამოძიების ფარგლებში. თქვენ მოახდინეთ სრული დისკრედიტირება იმ ინსტიტუტის, რასაც საგამოძიებო კომისია ჰქვია და შემდეგ სასურველი შედეგის მისაღებად დაიწყეთ პოლიტკური სპეკულირება",–განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრი ადასტურებს, რომ გამოძიების ფარგლებში ადგილი ჰქონდა გადაცდომებს, თუმცა, მოახდენდა თუ არა ეს გამოძიების შედეგებზე გავლენას, დარწმუნებული არ არის.

"დიახ, ვადასტურებ, რომ გარკვეული საგამოიებო მოქმედებები, რომლებიც უნდა ჩატარებულიო, ჩემი სუბიექტური აზრით არ ჩატარდა, მაგრამ თუ სამოხელეო დანაშაულის ნაწილში გაჩნდება რამე კითხვები, მე მზად ვარ, რომ პირველი მივიდე და მივცე ჩვენება. თუმცა, თქვენც უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კომისიამ ვერ შეძლო იმ ფუნქციების შესრულება, რაც აღებული ჰქონდა",–განაცხადა გახარიამ.

პარლამენტის  საგამოძიებო კომისიის კრიტიკას ოპოზიციის  პროტესტი მოჰყვა. 

პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებზე პასუხების გაცემა გრძელდება.
Print