ახალი ამბები
გიგა შუშანია –„ქუთაისის მერია „სანოსთან“ პოლიტიკურ გარიგებაში შევიდა“
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერიას, კომპანია "სანოსთან", რომელმაც ქუთაისში სოციალური საცხოვრისი მოაწყო, კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.
როგორც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ პრესკლუბ "მედიარუმში" განაცხადა,  მერიამ 2019 წლის ბიუჯეტში კომპანიისთვის ასანაზღაურებლად 528 000 ლარი გაითვალისწინა. ეს ის თანხაა, რაც "სანოს" მერიასთან 2017 წლის 8 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით ეკუთვნოდა და რის გადახდაზეც მერიამ მას უარი უთხრა. კომპანიამ კი მერიას სასამართლოში უჩივლა.

გიგა შუშანია ამბობს, ამ პირობებში ბიუჯეტში ამ თანხის ისევ დაბრუნებით,  მერია ადასტურებს, რომ კომპანიასთან გარიგებაში შევიდა. 

"ერთი ის, რომ მერია წინასწარ ამბობს, საქმეს წავაგებო და უკვე აქვს ბიუჯეტში ჩადებული ასანაზღაურებელლად თანხა, ხოლო, მეორეს მხრივ, ადასტურებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება გარიგებაში შევიდა კომპანიასთან. ეს მოხდა იმის სანაცლოდ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებული გუნდი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული. სირცხვილია, რომ მერია ნაცვლად იმისა, რომ  უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო სასამართლოში დავობდეს, დამატებით აძლევს ფულს კომპანიას, რომელმაც ისეთი ხარვეზებით მოაწყო შენობა, რომ იქ ცხოვრება არის საშიში და სიცოცლხისთვის სახიფათო",–ამბობს გიგა შუშანია.

ქუთაისში სოციალური საცხოვრისი 2017 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. მაშინ ქუთაისის მერიაში აცხადებდნენ, რომ შენობის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სინამდვილეში ქუთაისის მერიამ კომპანია "სანოს" ჯამში 4 372 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფრომა. აქედან 528 000 ლარი  მერიას ამ დრომდე აუნაზღაურებელი აქვს.

აპირებს თუ არა მერია კომპანია "სანოსთვის" დამატებით 528 00 ლარის გადახდას, ამაზე ქუთაისის მერიაში განმარტებებს მოგვიანებით გააკეთებენ. 

დამალული ხელშეკრულება და ხარჯები - რეალურად რა დაუჯდა ბიუჯეტს სოციალური საცხოვრისი


Print