ახალი ამბები
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, გეგუთის ციხეში მოკლული ლევან კორტავას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, 2013 წლის 12 მაისს, გეგუთის ციხეში მოკლული ლევან კორტავას საქმეზე, განაჩენი გამოაცხადა.
ხუთწლიანი განხილვის შემდეგ, სასამართლომ, საქმეში ბრალდებულ გეგუთის ციხის ხუთივე თანამშრომელს გირაო და ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.

მოკლულის მამიდა, ხათუნა კორტავა ამბობს, რომ სამართალი არ აღსრულდა და ის განაჩენს ყველა ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებს, შემდეგ კი სტარსბურგის სასამართლოსაც მიმართავს.

"ლევან კორტავა მიწაშია და ამათ,  თურმე,  შვილები ყავთ და ამიტომ უნდა გაათავისუფლონ. ეს არის მურუსიძის სასამართლო. სხვა მოლოდინი არც მქონდა",–ამბობს ხათუნა კორტავა.

მისი თქმით, გამოძიებას არც კი დაუკითხავს საქმის ერთ–ერთი მთავარი ფიგურანტი, გეგუთის ციხის ყოფილი რეჟიმის უფროსი, თენგიზ კუჭავა. ყოფილი დირექტორი, მალხაზ სინაურიძე კი, რომელიც მომხდარის შესახებ ინფორმირებული იყო, მაღალჩინოსნების დახმარებით საზღვარგარეთ გაემგზავრა და დღემდე იქ ცხოვრობს.

ხათუნა კორტავა ამბობს, რომ მისი ძმისშვილი ციხის ადმინისტრაციასა და ე.წ. მაყურებლებს შორის "ოფშიაკის" ფულის გამო დაწყებულ გარჩევებს შეეწირა. მისი თქმით, ციხის მაშინდელ უფროსს, მალხაზ სინაურიძეს ამავე ციხის ე.წ. მაყურებელთან, ლაშა კვანტალიანთან "ოფშიაკის" ფულის გამო კონფლიქტი ჰქონდა. სინაურიძემ პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ მსჯავრდებულს, ლევან კორტავას გადაცემა შესთავაზა, რომელსაც თავის მხრივ კვანტალიანთან ჰქონდა კონფლიქტი. ამ დროს ლევან კორტავა სასჯელს რუსთავის ციხეში იხდიდა. ხათუნა კორტავას თქმით, 12 მაისს, კვირა დღეს, როცა პატიმრების ეტაპირება არ ხდება, კორტავა სპეციალურად ამ მიზნით გადაიყვანეს გეგუთის ციხეში, რათა სინაურიძეს კორტავას ხარჯზე ლაშა კვანტალიანთან "ოფშიაკთან" დაკავშირებული პრობლემები მოეგვარებინა.

გამოძიების ინფორმაციით, გეგუთის ციხეში კორტავას გადაყვანიდან რამდენიმე წუთში, მასსა და დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მაშინდელ ინსპექტორ, ილია შანშაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რომლის მოგვარებაც შანშაშვილმა სწორედ ლაშა კვანტალიანს დაავალა. ამის შემდეგ, ილია შანშაშვილის წახალისებით, ლევან კორტავა ექვსმა პატიმარმა განსაკუთრებული სისასტიკით, ელექტრო ჩაიდნითა და ვენტილატორის გამოყენებით სცემა. მათ ცემა არც მას შემდეგ შეუწყვიტავთ, რაც კორტავამ გონება დაკარგა.

23 წლის ლევან კორტავა საავადმყოფოში, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

მომხდარზე გეგუთის ციხის ხუთი თანამშრომელი იყო დაკავებული. ბრალი წაუყენეს და დღემდე სასჯელს იხდის ის ექვსი პატიმარი, ვინც კორტავას სასტიკ ცემაში მონაწილეობას იღებდა.



Print