ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში საბინაო სამსახური უქმდება – რა ცვლილებები იგეგმება რეორგანიზაციის ფარგლებში
FaceBook
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ქუთაისის მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში შემცირდება როგორც შტატები, ასევე, სამსახურების რაოდენობა.
ცვლილება შეეხება საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურს, რომელიც, სავარაუდოდ, გაუქმდება და ინფრასტრუქტურის სამსახურს დაექვემდებარება.

ჯერჯერობით უცნობია დარჩება თუ არა მერიაში სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე. რაც შეეხება, მის მოადგილეს, თამარ მინაძეს, ქუთაისიპოსტის ინფრმაციით, ის პოსტს დატოვებს.

სავარაუდოდ, ასევე, გაათავისუფლებენ აუდიტის განყოფილების უფროსს, გოჩა ავალიანს.

ქუთაისის მერიაში ინფორმაციას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ამის შესახებ რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი, ირაკლი გიორგაძე ამბობს, რომ სტრუქტურული და საშტატო ცვლილებები თავად სამსახურების უფროსების მიერ წარმოდგენილი წინადადებების მიხედვით განხორციელდება.

"ვერ დავადასტურებ მსგავს ინფორმაციას. რეორგანიზაცია გულისხმობს როგორც შტატის შემცირებას, ასევე, გაზრდას. სამსახურების უფროსებს დავალებული აქვთ 20 დეკემბრამდე მათივე სამსახურების სტრუქტურისა და შტატების შესახებ წინადადებების წარმოდგენა. სწორედ ამის საფუძველზე მოხდება ცვლილებები", – ამბობს ირაკლი გიორგაძე.

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარე წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა და 2019 წლის 28 თებერვალს უნდა დასრულდეს.
რეორგანიზაციის გამოცხადებას წინ უძღოდა საკრებულოში უმრავლესობის დეპუტატის, ალეკო ახალაძის განცხადება იმის შესახებ, რომ მერიაში საკადრო ცვლილებები პოლიტიკური ნიშნით უნდა მოხდეს.

ოპოზიციამ პროცესს "სადამსჯელო ოპერაცია" უწოდა, რომელიც მათი თქმით, იმ ადამიანების მიმართ გატარდება, ვინც წინასაარჩევნო კამპანიაში არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის
სასარგებლოდ არ იყო ჩართული.

Print