ახალი ამბები
ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი მოქმედი მერის გადადგომას ითხოვს
FaceBook
ზესტაფონის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ ზესტაფონის მოქმედი მერის კახაბერ მახათაძის გადადგომის მოთხოვნით, 10 დეკემბრიდან პერმანენტული აქციების დაწყება დაანონსა.
"კახა მახათაძის წინააღმდეგ, შვიდ საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ერთ–ერთი არის ქერქული ნარჩენების მიტაცება, რომელშიც საკუთარი ძმა ჰყავს ჩართული; ასევე, ტენდერების საკითხი, კერძოდ კი, მან ტაბაკინის მამათა მონასტრის მისასვლელ გზაზე მეორედ გამოაცხადა ტენდერი და იმავე კომპანიას მოაგებინა, რომელმაც გზის იგივე მონაკვეთზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობები არ შეასრულა. მას ზესტაფონთან მხოლოდ ბიზნეს–ინტერესები აკავშირებს. კახა მახათაძეს არ აქვს მორალური უფლება იყოს ამ ქალაქის მერი", – განაცხადა პრესკლუბ "მედიარუმში" გამართულ ბრიფინგზე გიორგი გოგლიჩიძემ.

ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი მერს ასევე სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულობაში სდებს ბრალს. გოგლიჩიძის განცხადებით, მერმა არ შეასრულა ადგილობრივი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თანამშრომლების სამსახურში აღდგენის თაობაზე.
გიორგი გოგლიჩიძე აცხადებს, რომ თუკი კახა მახათაძე დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს, 200–მდე მხარდამჭერთან ერთად მერიის შენობის პიკეტირებას დაიწყებს.

ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 2018 წლის 18 სექტემბერს დაიწყო. თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა მჯდომარე აქცია გამართეს, მოგვიანებით კი მერიის შენობაში შევიდნენ და მერის მისაღები დაიკავეს. მოშიმშილეები ზესტაფონის მერს კორუფციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მახათაძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.
Print