ახალი ამბები
ქუთაისის მერი, რეორგანიზაციის გამოცხადების შემდეგ, შვებულებაში გავიდა
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში მერის ბრძანებით რეორგანიზაცია გამოცხადდა, ხოლო თავად ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია შვებულებაში გავიდა.
მერიაში განმარტავენ, რომ ჭიღვარია შვებულებაში ხუთი დღით, 3 დეკემბერიდან იმყოფება.

ადგილობრივ თვითმმართველობაში რეორგანიზაციის გამოცხადების თაობაზე მერმა ბრძანება შვებულებაში გასვლიდან სამი დღით ადრე, 30 ნოემბერს გამოსცა.

შესაბამისი წერილი  ყველა თანამშრომელს ჩაბარდა.

"რეორგანიზაცია თავის თავში ნამდვილად არ გულისხმობს ვინმეს სამსახურიდან გაშვების აუცილებლობას. კანონის თანახმად, თუკი რეორგანიზაციის დროს მოსალოდნელია შტატების შემცირება, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ამის თაობაზე წერილობით აცნობოს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს", – აცხადებენ მერიაში.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, საუბარია, რომ თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადებას დაწერს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარიაც.

პარტია "ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია პოლიტიკური ნიშნით ხდება. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის,  დავით გოგისვანიძის თქმით, მერიაში არსებობს ე.წ. "შავი სია" , რომელშიც ის ადამიანები შედიან, ვინც წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ მიუღია. პარტიაში ამბობენ, რომ ამ სიაში მაღალი თანამდებობის პირებიც შედიან.

"ევროპული საქართველოს" მიერ გაკეთებულ განცხადებამდე, ადგილობრივ თვითმმართველობაში რეორგანიზაცია საჯაროდ მოითხოვა ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა. ალეკო ახალაძის განცადებით, მერიის დაქვემდებარებულ ააიპებში "ნაციონალური მოძრაობის" ბევრი მხარდამჭერია.

"არის საბოტაჟის მცდელობები და ასე არ შეიძლება. დანაშაულებრივი პარტია არ უნდა იყენებდეს ადმინისტრაციულ რესურსს. მე მოვითხოვ, რომ ჩატარდეს რეორგანიზაცია, რადგენ ეს ხელს შეუშლის იმ გუნდის მუშაობას, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ", – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ალეკო ახალაძემ.

აღსანიშნავია, რომ 28 ნოემბრის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, მერეთის რეგიონის საარჩევნო ოლქებიდან, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, პროცენტულად ყველაზე ცოტა ხმა (51.28%) ქუთაისში მიიღო.



Print