ახალი ამბები
მერიაში რეორგანიზაცია დაიწყო - წერილი ყველა თანამშრომელს ჩაბარდა
FaceBook
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია დაიწყო.  

შესაბამისი წერილი  ყველა თანამშრომელს ჩაბარდა.


"რეორგანიზაცია თავის თავში ნამდვილად არ გულისხმობს ვინმეს სამსახურიდან გაშვების აუცილებლობას. კანონის თანახმად თუკი რეორგანიზაციის დროს მოსალოდნელია შტატების შემცირება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ამის თაობაზე წერილობით აცნობოს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს",– აცხადებენ მერიაში.  

დაუდასტურებელი ინფორმაციით, საუბარია, რომ თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადებას დაწერს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარიაც.

პარტია "ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია პოლიტიკური ნიშნით ხდება. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის,  დავით გოგისვანიძის თქმით, მერიაში არსებობს ე.წ. "შავი სია" , რომელშიც ის ადამიანები შედიან, ვინც წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ მიუღია. პარტიაში ამბობენ, რომ ამ სიაში მაღალი თანამდებობის პირებიც შედიან.

"ქუთაისის მერია იწყებს მორიგ სადამსჯელო ოპერაციას იმ თანამშრომლებისა და ჩინოვნიკების მიმართ, ვინც მონაწილეობა არ მიიღო სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში და პირიქით, აპირებენ წააახალისონ ისინი, ვინც იყო აქტიურად ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. ახლა,  ცხელ კვალზე მოხდება მათი ამ ნიშნით წმენდა. ეს არ ეხება მხოლოდ რიგით თანამშრომლებს. არ გამოვრიცხავთ , რომ ე.წ. "შავი სიში"  მაღალი თანამდებობის პირებიც იყვნენ"-განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

"ევროპული საქართველოს" მიერ გაკეთებულ განცხადებამდე, ადგილობრივ თვითმმართველობაში რეორგანიზაცია საჯაროდ მოითხოვა ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა. ალეკო ახალაძის განცადებით, მერიის დაქვემდებარებულ ააიპებში "ნაციონალური მოძრაობის" ბევრი მხარდამჭერია.

"არის საბოტაჟის მცდელობები და ასე არ შეიძლება. დანაშაულებრივი პარტია არ უნდა იყენებდეს ადმინისტრაციულ რესურსს. მე მოვითხოვ, რომ ჩატარდეს რეორგანიზაცია, რადგენ ეს ხელს შეუშლის იმ გუნდის მუშაობას, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ", – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ალეკო ახალაძემ.

აღსანიშნავია, რომ 28 ნოემბრის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, მერეთის რეგიონის საარჩევნო ოლქებიდან, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, პროცენტულად ყველაზე ცოტა ხმა (51.28%) ქუთაისში მიიღო.
Print