ახალი ამბები
"ქუთაისის მერია სადამსჯელო ოპერაციას იწყებს"
FaceBook
"ევროპული საქართველო " ქუთაისის მერიაში პოლიტიკური ნიშნით წმენდას აანონსებს.

პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ,  დავით გოგისვანიძემ,  ბრიფინგზე განაცხადა, რომ მერიაში არსებობს ე.წ. "შავი სია" , რომელშიც ის ადამიანები შედიან, ვისაც წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ მიუღია. პარტიაში ამბობენ, რომ ამ სიაში მაღალი თანამდებობის პირებიც შედიან.

"ქუთაისის მერია იწყებს მორიგ სადამსჯელო ოპერაციას იმ თანამშრომლებისა და ჩინოვნიკების მიმართ, ვინც მონაწილეობა არ მიიღო სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში და პირიქით, აპირებენ წაახალისონ ისინი, ვინც  აქტიურად იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. ახლა,  ცხელ კვალზე მოხდება მათი ამ ნიშნით წმენდა. ეს არ ეხება მხოლოდ რიგით თანამშრომლებს. არ გამოვრიცხავთ, რომ ე.წ.  შავ სიაში" იყვნენ მაღალი თანამდებობის პირებიც"-განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

"ევროპული საქართველოს" მიერ გაკეთებულ განცხადებამდე, ადგილობრივ თვითმმართველობაში რეორგანიზაცია საჯაროდ მოითხოვა ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა. ალეკო ახალაძის განცხადებით, მერიის დაქვემდებარებულ ააიპებში "ნაციონალური მოძრაობის" ბევრი მხარდამჭერია.

"არის საბოტაჟის მცდელობები და ასე არ შეიძლება. დანაშაულებრივი პარტია არ უნდა იყენებდეს ადმინისტრაციულ რესურსს. მე მოვითხოვ, რომ ჩატარდეს რეორგანიზაცია, რადგენ ეს ხელს შეუშლის იმ გუნდის მუშაობას, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ", – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ალეკო ახალაძემ.


Print