ახალი ამბები
გაერთიანებული ოპოზიცია რეგიონების შემოვლას იწყებს
FaceBook
გაერთიანებული ოპოზიციის წევრები რეგიონების ხელახლა შემოვლას იწყებს. 

ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ "განსხვავებულ აქცენტებში" დააანონსა. მისი თქმით, რეგიონების  შემოვლის მიზანი ერთიანი  პლატფორმის შექმნისთვის მზადებაა.

"რეგიონებში ვიწყებთ სიარულს. ფეხით იქნება ეს, ავტომობილით თუ რაღაცით, ახლა ვგეგმავთ ზუსტად მარშრუტებს. ჩვენ ვიწყებთ პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგს იმისათვის, რომ გამოვიმუშავოთ ერთიანი პლატფორმა, მიტინგებზე უნდა ვიდგეთ ერთმანეთთან", – აღნიშნა ვაშაძემ.

სამომავლო გეგმებს განიხილავენ ქუთაისის ოპოზიციურ პარტიებშიც და მზად არიან კონსულტაციებისთვის. "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიგა შუშანიას თქმით, საქართველოში არჩევნების გაყალბების დრო წარსულს უნდა ჩაბარდეს, რაც მისი აზრით მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა. 

"დადგა საქართველოში გაერთიანების დრო, რომ საბოლოოდ დასრულდეს ბინძური პოლიტიკური თამაშები და გაყალბებული არჩევნები. ჩვენ რათქმაუნდა  ვმონაწილეობთ კონსულტაციებში და ერთიან სამოქმედო გეგმაზე ვყალიბდებით," – აცხადებს შუშანია. 

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას "პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად" სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. აღნიშნული გადაწყვეტილება კოალიციის ლიდერმა და არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტთან ჩატარებულ აქციაზე გაახმიანა. სწორედ ამ დღეს დაანონსდა მომდევნო აქციაც.

მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიცია არ ცნობს არჩევნების შედეგებს და ამზადებს სარჩელს, რომელსაც სასამართლოში შეიტანს მისი გაბათილების მოთხოვნით. ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია კვლავ ითხოვს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.




Print