ახალი ამბები
არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბიუჯეტიდან 9 800 000 ლარით დაფინანსდება
FaceBook
2019 წელს საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება 9 800 000 ლარი იქნება.

aღნიშნული თანხა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტითაა გათვალისწინებული.  ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა 140 ადამიანითაა განსაზღვრული, სახელფასო ფონდი კი 4 692 000 ლარს შეადგენს.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციის ხარჯებისთვის 9 409 000 ლარია გათვალისწინებული, არაფინანსური აქტივების ზრდა კი 391 000 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მისი მოცულობა წინა წლების ანალოგიურად 5 მილიონი ლარი იქნება.
ინფორმაციისთვის, 2018 წელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 9 800 000 ლარი იყო გამოყოფილი. 2017 წელს კი 13 194 600 ლარი.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისა და უფლებამოსილებაში შესვლის ცერემონია კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს იმართება.

სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე წყდება მოქმედი პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილება.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციაში შესვლაზე უარის თქმას და ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში განთავსებას გეგმავს.

პრეზიდენტის ადმინისტრციის ავლაბრიდან ათონელზე - ორბელიანის სასახლეში გადასვლის საკითხი სალომე ზურაბიშვილს საკუთარ საარჩევნო პროგრამაში აქვს გაწერილი.
Print