პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიებიდან წევრების გასვლის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება
FaceBook
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძულუხსა და მუქეთში გაიმართა ბრიფინგი, სადაც შეკრებილებმა "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპულ საქართველოს" დატოვების შესახებ განცხადება გააკეთეს.

ოპოზიციური პარტიების ვანის რაიონული ორგანიზაციის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ამ განცხადების ავტორები მათი პარტიების წევრები არასოდეს ყოფილან. 

"ნაციონალური მოძრაობის" ვანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გრიგოლ მატარაძე ამბობს, რომ ბრიფინგში მონაწილე არც ერთი ადამიანი პარტიის წევრი არ არის.

"ვერც ერთს ვერ ვცნობ (ფოტოზე). არც ერთი მათგანი არ არის და არ ყოფილა ჩვენი პარტიის წევრი. ეს არის მორიგი დადგმული სპექტაკლი. ერთი დღით ადრე (არჩევნებამდე) პარტიის დატოვებას რა აზრი აქვს, ლოგიკაში არ ჯდება ასეთი რამ", – ამბობს გრიგოლ მატარაძე.

მომხდარს ბლეფს უწოდებენ "ევროპული საქართველოს" ვანის რაიონულ ორგანიზაციაშიც. პარტიის ხელმძღვანელი, კობა ძაგნიძის მტკიცებით
"ეს არის მორიგი ბლეფი. ყველა, ვინც ბრიფინგზე იყო "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან".

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ოპოზიციური პარტიების დატოვების შესახებ განცხადება გააკეთეს სამტრედიაში, ტყიბულში, თერჯოლასა და ვანში. ოთხივე შემთხვევაში "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" იმერეთის ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ფაქტი უარყვეს და განაცხადეს, რომ რეალურად, ეს ორი პარტია მხოლოდ ოთხმა ადამიანმა დატოვა.  


Print