ახალი ამბები
"დამსაჯეს პოლიტიკური ნიშნით" - ვანში პარტიის კოორდინატორს ძროხები მოპარეს
FaceBook
ვანის რაიონის სოფელ მუქედში მცხოვრებ კორძაძეების ოჯახს სამი ძროხა მოპარეს.

ოჯახის წევრების განცხადებით, ქურდობა პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რითაც მათი დაშინება და დასჯა სცადეს.  

გოგა კორძაზე "ქუთაისიპოსტს" უყვება, რომ ის "ევროპული საქართველოს" კოორდინატორია და მისი აქტიურობის გამო არაერთხელ დაემუქრნენ.

გოგა კორძაძის თქმით, ძროხები ფერმაში ორი კვირის გადაყვანილი ჰყავდა. მასთან ახლოს სხვა ფერმებიცაა, თუმცა მხოლოდ მისი მაკე საქონელი მოიპარეს, იქვე ახლოს მდინარის პირას ჩაიყვანეს, დაკლეს, ხბოები გარეთ დაყარეს, ძროხები კი მიკროავტობუსით წაიღეს.

"არჩევნებამდე გამგებელი დამხვდა  სოფლის ცენტრში და მითხრა, თუ არ გაჩერდები მიწებს წაგართმევთო. რომ ვერაფერი მომიხერხეს, ძროხები მომპარეს და ამით გამაწარეს. ამას სხვა არავინ გააკეთებდა. 400 კილოიანი მაკე საქონლები დამიხოცეს. დადიან და ფულებს არიგებენ, რომ ამომრჩევლები მოიყიდონ," - ამბობს გოგა კორძაძე. 

ქუთაისიპოსტის სოფლის გამგებელთა დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მას ტელეფონი ამ დრომდე გათიშული აქვს.

სოფელ მუქუდში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
Print