ახალი ამბები
"მშვიდობა" 16 ათას ლარად - ქუთაისში ბურთი დაიდგემბა
FaceBook
ქუთაისში,  "ტორპედოს" სტადიონის წინ არსებულ მშვიდობის მოედანზე "მშვიდობის ბურთის" მონუმენტი დამონტაჟდება. 

ბურთის სიმაღლე 2,5 მეტრი იქნება, რომელიც მოქანდაკე გიორგი კიკვიძემ დაამზადა. 

კიკვიძის ინფორმაციით, მონუმენტი მზადაა, თუმცა მისი დადგმისთვის კარგ ამინდს ელოდებიან. 

მშვიდობის ბურთის მონუმენტი მოქალაქე ბესიკ ადამიას ინიციატივაა, რომელიც მის დადგმას ჯერ კიდევ 2017 წელს ითხოვდა. 

როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, "მშვიდობის ბურთის" მონუმენტის დამზადებისთვის ქუთაისის მერიის ბიუჯეტიდან 16 500 ლარი დაიხარჯა. 

"ტენდერში გაიმარჯვა ინდ მეწარმე გიორგი კიკვაძემ და ამჯერად მასთან ინახება მონუმენტი. მოედანზე უკვე დასხმულია ბეტონი მონუმენტის დასადგამად და ამინდების გამოსვლისთანავე მშვიდობის ბურთი დამონტაჟდება," – ამბობს ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დავით სინაურიძე. 

მისივე თქმით, "მშვიდობის ბურთის" მონუმენტი ქუთაისისთვის მშვიდობის სიმბოლო იქნება, ამიტომ ბურთზე სიტყვა მშვიდობა – სხვადასხვა ენაზე იქნება დაწერილი.
Print