ახალი ამბები
ხარაგაულის პოლიციის უფროსს მოქალაქეები ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ
FaceBook
ხარაგაულის პოლიციის უფროსს, დავით მჭედლიძეს ორი მოქალაქე ფიზიკურ ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. 

მათი განცხადებით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც გზაზე ავტომობილით გადაადგილებისას სავალ ნაწილზე პოლიციის გაჩერებული მანქანა დახვდათ.  მოქალაქეების თქმით, პოლიციელს სავალი ნაწილის გათავისუფლება სთხოვეს, რის შემდეგაც ვითარება დაიძაბა და სამართალდამცველებმა  მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც კონფლიქტში მონაწილე პირები "რუსთავი 2"-თან საუბარში ამბობენ, მათზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა მოგვიანებით უკვე პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა.

ნაცემი მამაკაცები ამბობენ, რომ დავით მჭედლიძე სოფელ ბაბიში ბიზნეს საქმიანობით არის დაინტერესებული, რომელიც კვინიკაძეების საკუთრებაა. დაზარალებული გელა კვინიკაძე ამბობს, რომ მას სამართალდამცველებმა პირდაპირ დაუსახელეს, რომ ბიზნეს საქმიანობა სოფელ ბაბიში უნდა შეწყვიტოს.

"პოლიციაში რაც მოხდა, ეს იყო საშინელება. ორივე ცალ-ცალკე დაგვტოვეს, ორივეს ხელები ამოგვიტრიალეს, დაგვადეს ბორკილები, დაგვსვეს სკამზე და დედის გინება, ცემა-ტყეპა და უბედურება, საშინელება იყო. თან მეუბნება, შენ დატერორებული გაგაჩნია მთელი ბაბის ტერიტორიაო. იქ არ დაგინახო ჩამოსულიო, გაგიხვრიტავ შუბლსო. აქედან გამოდის, რომ ის ბიზნესი, რომელიც მე იქ მაქვს, ეს უნდა დავტოვო ჩვენი პოლიციის უფროსის ხუშტურზე," - განაცხადა გელა კვინიკაძემ "რუსთავი 2"ს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ხარაგაულის რაიონის სოფელ ქვებში მცხოვრები გელა კვინიკაძე, თანხმლებ პირთან ერთად, საკუთარი ავტომანქანით, მოძრაობის წესებს დარღვევით გადაადგილდებოდა. პოლიციამ ისინი გადამოწმების მიზნით შეაჩერა და ალკოტესტით გადამოწმების შედეგად ორივე მათგანს ალკოჰოლით თრობის ფაქტი დაუდგინდა.

"შემოწმების შემდეგ ისინი პოლიციის თანამშრომლების მიმართ გახდნენ აგრესიულები და დოკუმენტების წარდგენაზე უარი განაცხადეს, ამასთან, პოლიციის თანამშრომლებს გაუწიეს წინააღმდეგობა და არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რა დროსაც სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. პოლიციის თანამშრომლებმა ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს. ავტომანქანის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაჯარიმდა და 6 თვით აეკრძალა ავტოტრანსპორტის მართვის უფლება. პროკურატურამ ხარაგაულში მომხდარი შემთხვევის დროს პოლიციელების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო" - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
Print