ახალი ამბები
რიონისპირა სახლები, ბალახვნის კიბეები - პროექტები, რომლებიც, შესაძლოა, დაპირებად დარჩეს
FaceBook
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაანონსებული მასშტაბური ინფარსტრუქტურული პროექტები, 2019 წელს, სავარაუდოდ, ვერ განხორციელდება.
გაპონოვის ქუჩისა და ბალახვნის კიბეების რეაბილიტაციისთვის, ქუთაისის მერიამ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში თანხები არ გაითვალისწინა.

პროექტის მიხედვით, 2019 წელს არ მოხდება არც ბოტანიკური ბაღიდან წმინდა გიორგის ეკლესიასთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მშენებლობა. რაც შეეხება ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას ერთ–ერთ მთავარ დაპირებას, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის შესახებ, როგორც ირკვევა მერიას პროექტისთვის საჭირო ხარჯებიც კი არ დაუთვლია.

ქუთაისის მერიაში არ უარყოფენ, რომ კონკრეტულად ამ პროექტებისთვის თანხები მობილიზებული არ არის. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, დავით ნიშნიანიძე ამბობს, რომ ბიუჯეტის პროექტში ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის 800 000 ლარია გათვალისწინებული, თუმცა, მერიის მიერ დაანონსებული რამდენი პროექტისთვის იქნება საკმარისი ეს თანხა, გაუგებარია.

"აღნიშნულ პროექტებზე მიდის მუშაობა, რომ მოხდეს მათი დაფინანსება. ჩვენ ველოდებით დამატებით თანხებს რეგიონალური განვითარების ფონდიდან. მომავალი წლის ბიუჯეტში ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინებულია 800 000 ლარი, რომლითაც შეგვიძლია გაკეთება როგორც კიბეების, ასევე, იმ პროექტების, რომლებზეც იქნება მოსახლეობის მოთხოვნა", – ამბობს დავით ნიშნიანიძე.

მისივე თქმით, ბალახვის კიბეების რეაბილიტაცია ტექნიკური დეტალების გამო ვერ მოხერხდა. კონკრეტულად, ტერიტორიის ნაწილი, სადაც ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და მისი გადმოცემა ქალაქისთვის ამ დრომდე არ მომხდარა. რაც შეეხება რიონისპირა სახლებს, ნიშნიანიძის თქმით, ამ დრომდე პროექტის დაფინანსებაზეც კი არ არის ოფიციალურად გადაწყვეტილება მიღებული.

"კიბეების გაკეთება იყო დაანონსებული და იყო მცდელობა, რომ 2018 წელს გაკეთებულიყო, უბრალოდ ტექნიკური დეტალები იყო მოსაგვარებელი. რაც შეეხება რიონისპირა სახლებს, ეს იმდენად მასშტაბური ბიუჯეტი იქნება, რომ ჯერ,  როდესაც ოფიციალურად გადაწყვეტილება არ არის მიღებული და განკარგულება არ არის გამოცემული, ამის დაფინანსება ვერანირად ვერ მოხდებოდა",–ამბობს დავით ნიშნიანიძე.

ქუთაისის მერიას დაპირებები გაერთიანებულმა ოპოზიციამაც  შეახსენა.  საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პარამეტრები გააპროტესტა და განაცხადა, რომ მერიამ გაზარდა სახელფასო ხარჯები, სანაცვლოდ კი  შეამცირა ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა. 

ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი 53 მილიონს შეადგენს.


ამავე თემაზე:

სად გაქრა „ოცნების ქალაქი“? - დაპირება, რომელიც არ შესრულდა

რა სურს ხალხს? - პროექტები, რომლის დაფინანსებასაც 2019 წლის ბიუჯეტიდან ითხოვენ

Print