ახალი ამბები
"ვუჩივლებ" - პასუხი ფესტივალ "თეთრი ხიდის" პროექტის მოპარვის ბრალდებაზე
FaceBook
ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, კინომცოდნე თამთა თურმანიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ის ეხმაურება მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალ "თეთრ ხიდის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

საკითხი საჯარო მოხელის მხრიდან თითქოსდა საავტორო ულებების დარღვევასა და სხვისი პროექტის მითვისებას ეხება. საუბარია ყოფილი კაფე-კინო "ბრაზერსის" მეპატრონის, ლევან ჭავჭანიძის ბრალდებაზე, როელიც თურმანიძეს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროექტის - "თეთრი ხიდის" მოპარვაში ადანაშაულებს.  

"შეიძლება ჩემი პასუხი დაგვიანებულიცაა და საჯარო მოხელისთვის ალბათ ზედმეტად ემოციურიც, მაგრამ ვფიქრობ მაინც აუცილებელი", –აღნიშნავს თამთა თურმანძე ფეისბუკპოსტში.

"ადამიანისთვის არ არსებობს იმაზე დიდი დასჯა, როდესაც მასში, მის არსში შეიტანს ვინმე ეჭვს, ცილს დასწამებს და უსამართლო ბრალდებას წაუყენებს.
დაგვიანებული კი იმიტომ არის ჩემი პასუხი, რომ ჩემთვის არსებობს გარკვეული მორალური საზღვრები, რომლის იქეთაც არაფრით არ გადავალ. ვიცი, რომ პატივი უნდა ვცე იმ უწყებას და იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ვმუშაობ და ჩემი რაიმე ზედმეტი აქტივობით არავის ვავნო. მაგრამ, ახლა როდესაც საქმე ჩემს ღირსებას და პროფესიულ რეპუტაციას ეხება ეს ახსნა-განმარტება უნდა გავაკეთო, არა როგორც საჯარო მოხელემ, არამედ როგორც პიროვნებამ.

ამ დღეებში იწერებოდა თითქოს მე ლევან ჭავჭანიძის პროექტი მოვიპარე. მართალი გითხრათ იქვე გამიჩნდა სურვილი სასამართლოში მეჩივლა საქმიანი რეპუტაციის შელახვის, ცილისწამებისა და საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის მიყენებისთვის (მითუმეტეს ლევანის პირადი გვერდი და ასევე საინფორმაციო სააგენტოებისთვის მიცემული კომენტარები ნამდვილად იძლეობდა ამის საშუალებას), მაგრამ თავი შევიკავე, ჯერ ერთი, რომ საერთოდ ვერ ვიტან მომჩივან ხალხს და თან რაღაცნაირად მაინც თანავუგრძნობდი ლევანს, სადღაც მესმოდა კიდეც მისი, რომ არ გაამართლა მისმა წამოწყებამ, იმედგაცრუებულია და შესაბამისად ალბათ ყველგან და ყველაფერში დამნაშავეს ეძებს. თან საკუთარ თავსაც ვარწმუნებდი, რომ ე.წ. "კინოშნიკი" არ შეიძლება ცუდი ტიპი იყოს, ალბათ შეეშალა და მიხვდება ამას-მეთქი. მაგრამ ეხლა უკვე ისეთი არაჯანსაღი ხასიათი მიიღო ამ ყველაფერმა, რომ ლევან ჭავჭანიძეს ნამდვილად ვუჩივლებ, ოღონდ არა როგორც საჯარო მოხელე, არამედ როგორც კერძო პირი! ერთხელ ხომ მაინც უნდა შეიქმნას ამ ქვეყანაში პრეცენდენტი, იმისა, რომ არავის აქვს უფლება დაუმსახურებლად და დაუსჯელად ცილი დასწამოს ადამიანს და სახალხოდ შეურცხყოფა მიაყენოს, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ მეორეს ეს ყბადაღებული თმენის ვალდებულება აქვს.

მაგრამ მოდით ემოციებს შევეშვათ და უბრლოდ ლოგიკურ ჯაჭვს მივყვეთ:

1) მერიაში ისევე, როგორც ნებისმიერ საჯარო სტრუქტურაში არსებობს ელექტრონული საქმეთაწარმოების სისტემა, შესაბამისად იქ ზუსტად ჩანს დოკუმენტის მოძრაობა, ვის დაეწერა და ვინ იყო პასუხისმგებელი მასზე. ის პროექტი რომელიც არა ლევან ჭავჭანიძის, არამედ თორნიკე მჭედლიძის სახელით იყო შემოტანილი 2016 წლის 8 სექტემბერს, ჩემამდე საერთოდ არ მოსულა დოკუმენტაციის სახით, რისი გადამოწმებაც ძალიან იოლია. მას მხოლოდ ეხლა გავეცანი და ვასაჯაროვებ კიდეც.




თავის განცხადებებში ლევანი არაერთხელ ამბობს, რომ თითქოს თარიღიც კი ემთხვევა, (ტელეკომპანია "მეგა ტივის" სიუჟეტში პროექტის პირველ გვერდსაც ასაჯაროვებს, სადაც ღონისძიების გამართვის თარიღად 20-30 ნოემბერი წერია, რაც შეგიძლიათ შეადაროთ მერიაში რეალურად შემოსულ პროექტს). ამ დოკუმენტიდან კი ჩანს, რომ ისინი 1 -10 დეკემბერს გეგმავდნენ მის გამართვას. დანართი კი რომელიც განცხადებას თან ახლავს, არ არის საპროექტო განაცხადი, ეს არის აქტივობების ზოგადი ჩამონათვალი, რომელიც უნივერსალურია ნებისმიერი მსგავსი ხასიათის ღონისძიებისთვის და არა კონკრეტული პროგრამა და შესაბამისად არავითარ "მოსაპარ" ინფორმაციას არ შეიცავს. ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ვთავაზობ შეადაროს ამ ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი ჩამონათვალი 16-19 ნოემბერს ქუთაისში დაგეგმილი ღონისძიების პროგრამას.

2) ერთადერთი და მთავარი უხერხულობა სახელის დამთხვევაა, თუმცა ამასაც აქვს თავისი მიზეზი, რადგან ნამდვილად არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ქუთაისელი ადამიანისთვის თეთრი ხიდი, პიკასოს ბიჭი და კინო ერთმანეთთან ასოცრიდებოდეს. ეს ყველაზე მარტივი და ლოგიკურია.

3) თუ ზოგადად ფესტივალის გამართვის იდეა მიაჩნია, რომ ექსკლუზიურად მას ეკუთვნის ქუთაისში, ამაშიც ვერ დავეთანხმები და მგონი ვერავინ შემედავება, რომ ერთ ქალაქში შეიძლება რამდენიმე ფესტივალი არსებობდეს და არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვის გაუჩნდება ეს იდეა პირველად. ან განა ასეთი გასაკვირია, რომ კინომცოდნეს საკუთარ ქალაქში კინოფესტივალის დაფუძნება უნდოდეს?

4) ეს არგუმენტი კი უკვე ბევრჯერ მოვიყვანე, რომ 2015 წელს კულტურის ბიუჯეტში უკვე იდო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, რომელიც სამწუხაროდ არ განხორციელდა. ჩემი სიტყვების სიმართლის დასამტკიცებლად თან ვურთავ 2015 წლის ბიუჯეტს.



არ განხორციელდა კი იმიტომ, რომ ფესტივალის ჩატარება, მით უმეტეს საერთაშორისო მასშტაბით, კინოსფეროს დიდ ცოდნას, გამოცდილებას, პასუხისმგებლობას და ძალისხმევას მოითხოვს და სერიოზული მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომაც შევხვდით ასეთი ენთუზიაზმით ეროვნული კინოცენტრის შემოთავაზებას ერთობლივი ღონისძიების შესახებ. მითუმეტეს, რომ 2018 წლის ბიუჯეტში თავიდანვე კვლავ ჩაისვა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი.

და რაც მთავარია მინდა ვუსურვო ქუთაისს, რაც შეიძლება მეტი საინტერესო კინოღონისძიების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის კულტურულ განვითარებას და ქუთაისს კინოს დაუბრუნებს. უბრალოდ ძალიან გულსაწყვეტია, რომ მარადიული ქართული "არა მე, არა ჩემიას" ძახილში ქალაქი კიდევ ერთ კარგ ღონისძიებას დაკარგავს ალბათ. ძალიან ვწუხვარ! ლევანს კი ველოდები სასამართლოში!" - წერს თამთა თურმანიძე.

თამთა თურმანიძეს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროექტის  - "თეთრი ხიდის"  მოპარვაში ყოფილი კაფე-კინო "ბრაზერსის" მეპატრონე, ლევან ჭავჭანიძე ადანაშუალებს. 

ლევან ჭავჭანიძე ამტკიცებს, რომ ფესტივალი სახელად "თეთრი ხიდი" კაფე-კინო "ბრაზერსის" პროექტია, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს შეიტანა მერიაში, თუმცა, დაფინანსებაზე უარი უთხრეს. 

"მოვითხოვ პროექტის გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საავტორო უფლებების დარღვევისათვის მას მოუწევს სასამართლოში პასუხის გება, კანონის წინაშე. სასწრაფოდ მოვუწოდებ ქალაქის მერს დაინტერესდეს არსებული საკითხით. შეაჩეროს პროექტი დაუყონებლივ, ვინაიდან ის მოპარულია მერიის კულტურის განყოფილების უფროსის მიერ. ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურმა და მისმა ხელმძღვანელმა თამთა თურმანიძემ უტიფრად და ურცხვად კაფე-კინო "ბრაზერსის" პროექტი მიითვისა, რომელიც 2016 წელს წარვუდგინეთ მერიას და ქალაქის მერის თანხმობის მიუხედავად, მაშინდელმა კულტურის სამსახურის ხელმძღვანელობამ უარი თქვა ღონისძიებაზე. მათ არც განათლება და არც ნამუსი არ ეყოთ იმისათვის, რომ სახელი მაინც შეეცვალათ,"- აცხადებს ლევან ჭავჭანიძე.

16-19 ნოემბერს ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლებს. აღნიშნულ კინოფორუმზე საქართველოში პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის "თეთრი ხიდი" დაარსების დაანონსებაა დაგეგმილი, რომელიც 2019 წლიდან, ყოველწლიურად ქუთაისში გაიმართება. ახალი ფესტივალის შესახებ ცნობილი ქართველი მწერალი – რეზო გაბრიაძე ვიდეომიმართვის საშუალებით ისაუბრებს. ქუთაისის კინოფორუმი სწორედ რეზო გაბრიაძის შესახებ გადაღებული ანიმაციურ-დოკუმენტური ფილმით "ჰარი, ჰარალე, დედაო!" გაიხსნება.
"არის დოკუმენტური, საავტორო, თბილისის კინო ფესტივალი, მაგრამ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი არ არსებობს და გვინდა, რომ ქუთაისი გახდეს ამის მასპინძელი", - ამბობს თამთა თურმანიძე.

მისივე თქმით ფესტივალის სახელწოდება "თეთრი ხიდი" სიმბოლურად შეირჩა, რადგან კინო ერთგვარად არის ხიდი კულტურებს შორის.


Print