ახალი ამბები
„უმუშევრობის ზღვარი ისტორიულ მინიმუმზეა“ – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
FaceBook
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დეპუტატებს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
მინისტრმა მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა.

"უმუშევრობის ზღვარი ისტორიულ მინიმუმზეა. ეს არ იძლევა თვითკმაყოფილების საბაბს, თუმცა, შესაძლებელია იმის დანახვა, რომ ჩვენ სწორად ვვითარდებით", – განაცხადა ივანე მაჭავარიამა.

ბიუჯეტის პარამეტრების გაცნობის შემდეგ, დეპუტატებმა მინისტრს შეკითხვები დაუსვეს. ოპოზიციას კითხვები ძირითადად,  ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე და ლარის კურსის ვარდნაზე ჰქონდა.

"თუ გაანალიზა მთავრობამ რატომ გაიზარდა ქვეყანაში სიღარიბე? ლარი რატომ ეცემა? მხოლოდ გარე ფაქტორებით ახსნას ნუ დაიწყებთ, რადგან თუ მხოლოდ გარე ფაქტორებია და ბედის ანაბარაა ქვეყანა, მაშინ რაში გვჭირდება მთავრობა?!,"  – განაცხადა "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა, სერგო რატიანმა.

ოპოზიციამ გააპროტესტა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტის ზრდა. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, სალომე სამადაშვილის თქმით, სუსი, რომელიც სახელმწიფო ინტერესების ნაცვლად  პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება, ექვს მილიონს ხელფასებზე ხარჯავს.

"იმის ნაცლად, რომ სუსს, რომლის ბიუჯეტიდან ექვსი მილიონი ლარი მხოლოდ ხელფასებისთვის იხარჯება, იყენებდეთ სახელმწიფო ინტერესებითვის, იყენებთ ოპოზიციის წინააღმდეგ. რატომ ფინანსდება ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით თქვენი პოლიტიკური უსაფრთხოება, მაშინ, როცა მესამე კატეგორიის შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირებს დაპირების მიუხედავად ვერ უზრდით ბიუჯეტს?"– განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამ წუთებში ფინანსთა მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

პარლამეტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი მეორე მოსმენით უნდა მიიღოს. ბიუჯეტის მოცულობა 13 მილიარდი ლარია. 

Print