ახალი ამბები
სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ოჯახის მხარდასაჭერად ქუთაისში აქცია გაიმართა
FaceBook
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლულისა და პანკისში ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმელის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მხარდასაჭერად ქუთაისში აქცია გაიმართა.
მესხიშვილის სახელობის თეატრთან შეკრებილმა ახალგაზრდებმა ოჯახებს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

"მათ წინააღმდეგ მუშაობს მთელი სახელმწიფო სისტემა და ჩვენ მათ მოვუწოდებთ, დასაჯონ ყველა ის პირი, ვისაც წვლილი მიუძღვით არაადამიანურ მკველობებში", – ამბობს აქციის ორგანიზატორი, თედო მესხი. 

ხორავას ქუჩის საქმეზე საპროტესტო ტალღა 31 მაისს მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მკვლელობაში ერთ-ერთ ბრალდებულს, მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობა დაუმტკიცდა. საქმეზე მეორე ბრალდებულს კი, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მეორე მოკლულის, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა ბრალი, ბრალი გადაუკვალიფიცირდა და მას მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლებენ.

გასული წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი კი ორ დეკემბერს დაიღუპა.

რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახმედ ჩატაევთან და მის დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირში ადანაშაულებს. სუს-მა გაავრცელა ვიდეოკადრები, საიდანაც ჩანს, რომ მაჩალიკაშვილი ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან შოაიფ ბორზიევთან და ასლანბეგ სოლტახმადოვთან ერთად, თბილისში მდებარე ტელეფონების ერთ-ერთ მაღაზიაში შედის. ადვოკატების განცხადებით, აღნიშნული ვიდეოდან გარდა იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი მათ იცნობდა, არაფერი მტკიცდება.

თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის საქმეს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების მუხლით იძიებს. გამოძიება 27 დეკემბერს დაიწყო.
Print