ახალი ამბები
რატომ მოსთხოვეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტს ნაჩუქარი ყინულის მოედნის დაბრუნება
FaceBook
ზესტაფონის მოედნის პლასტმასის ბარიერები ქუთაისის ყინულის სასახლეში დამონტაჟდება.

ქუთაისის ააიპ ყინულის მოედნის ხელმძღვანელის, გივი ფანჩულიძის ინფორმციით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არსებული მოედნის პლასტმასის ბარიერები უსაფრთხოების მიზნით ქუთაისის ყინულის სასახლეში დამონტაჟდება.
"ადრე გვქონდა ფანერის ბარიერები, რომლებიც დალპა და შემდეგ ქალაქმა გვათხოვა რკინის ბარიერები, რომლებიც ამ დრომდე გვაქვს. ის ბარიერები,რომლებიც ზესტაფონშია, ზუსტად მოედნისთვისაა გამოსადეგი," - ამბობს გივი ფანჩულიძე.
მისივე ინფორმაციით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტს მოედნის დაბრუნების მოთხოვნით, უწყებამ გასულ წელს მიმართა, რაც ზესტაფონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააკმაყოფილა. თუმცა, ამ დრომდე მოედანი კვალავ ზესტაფონში რჩება.
"აქამდე მაინც ვერ მოხდებოდა ჩამოტანა, რადგან სეზონი დასრულებული არ იყო. ამ დროისათვის, როცა სეზონი დასრულებულია და სასახლეში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, მოხდება მისი ჩამოტანა და გაწყობა, იმისთვის, რომ მომზადებული შევხვდეთ ახალ სეზონს," - აცხადებს ყინულის მოედნის ხელმძღვანელი, გივი ფანჩულიძე.
ააიპ ყინულის მოედნის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ზესტაფონის ყინულის მოედნის დემონტაჟსა და ტრანსპორტირებას მისი უწყება განახორციელებს.
ყინულის მოედანი ქუთაისიდან ზესტაფონში 2010 წელს ჩაიტანეს, რომლის მონტაჟი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს 3 000 ლარი დაუჯდა.

დეა მანაგაძე


Print