ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ 2019 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა დაიწყო - ცნობილია პრიორიტეტები
FaceBook
ქუთაისის მერიამ ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის განხილვის პირველი ეტაპი "მოსახლეობის ფორუმის" ფარგლებში დაიწყო.

ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტებს ვიცე-მერები,  სამსახურების უფროსებთან ერთად, მოქალაქეებსა და არასამთავრობო სექტორს,  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში აცნობენ.

ვიცე-მერის იუზა უგულავას თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში ორი მთავარი მიმართულება იქნება: ინფრასტრუქტურა და სოციალური სფერო.

ქალაქის ხელისუფლება 2019 წლის ბიუჯეტის 2 მილიონამდე ლარით გაზრდას გეგმავს, რაც საფინანსო სამსახურის უფროსის თქმით, რეგიონალური განვითარების ფონდის ხარჯზე მოხდება.

"ბიუჯეტის დამტკიცებული ვარიანტი იქნება 53 მილიონი, თუმცა, წელს რგფ-დან ველოდებით 11 მილიონს ლარს, რაც შარშან იყო 8 მილიონი. გარდა ამისა, 1 765 000 ლარით გაიზრდება გათანაბრებითი ტრანსფერი," - ამბობს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, დავით ნიშნიანიძე.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა უნივერსიტეტის დარბაზში დღის ბოლომდე გაგრძელდება.  მერია პროექტის განხილვის მეორე ეტაპს მუნიციპალიტეტების მიხედვით, მოსახლეობასთან ერთად გეგმავს.

დღის წესრიგის მიხედვით, ფორუმს ქალაქის მერიც უნდა დასწრებოდა, თუმცა გიორგი ჭიღვარია შეხვედრაზე არ გამოჩენილა.

ქუთაისის მერიამ,  საკრებულოს,  ბიუჯეტის პროექტი განსახილველად მიმიდინარე წლის 15 ნოემბრამდე  უნდა გადაუგზავნოს.
Print