ახალი ამბები
სამტრედიის სავაგონო დეპოში თანამშრომელი გარდაიცვალა
FaceBook
სამტრედიის სავაგონო დეპოში, თანმშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.
მამაკაცის გარდაცვლების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა, თუმცა, "რკინიგზელთა ახალ პროფკავშირებში" არ გამორიცხავენ, რომ ფატალური შედეგი, შესაძლოა,  სავაგონო დეპოში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოს უკავშირდებოდეს.

გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, ილია ლეჟავა ამბობს, რომ სავაგონო დეპოში დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები.

"არ ხდება კონდეცირება, არის არაჰიგიენური გარემო, დარღვეულია ყველანაირი სტანდარტი. წლების განმავლობაში ასეთ პირობებში მუშაობა საწარმოო დაავადებებს იწვევს. მენეჯმენტი ძალიან ზერელედ უყურებს ამ პროცესებს და ჩვენი არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, ვხედავთ, რომ ძალიან რთულად და ნელი ტემპით ხდება ცვლილებები. იმის მიუხედავად, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა, ეს ფაქტი მაინც საჭიროებს სიღრმისეულ გამოკვლევას ",– ამბობს ილია ლეჟავა.

მისი თქმით, გასულ წელს პროფკავშირებმა 700 გვერდიანი დასკვნა დადეს რკინიგზაში დასაქმებულებისთვის არასათანადო და საფრთხისშემცველი სამუშაო პირობების შესახებ, თუმცა, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებული არ არის.

პრობლემებს ემატება ისიც, რომ 2016 წლიდან რკინიგზაში დასაქმებულებს სიცოცხლის დაზღვევა მოეხსნათ, რაც გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახისთვის 3000 ლარიანი კომპენსაციის გაცემას გულისხმობდა.

Print