ახალი ამბები
კანონიერი ქურდების დახმარებით იმერეთში ძმამ ძმას ბიზნესი წაართვა
FaceBook
ქუთაისში, წყალტუბოსა და ზესტაფონში კრიმინალური ავტორიტეტები დააკავეს.

დაკავებულია სამი წევრი ქურდული სამყაროს წევრობის და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ბრალდებით.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ. გ. და მისი ძმა - 1965 წელს დაბადებული რ. გ. ქალაქ ზესტაფონში ფლობენ ავტოსადგურებს, საიდანაც მიკროავტობუსებით ახდენდნენ მგზავრების გადაყვანას სხვადასხვა მიმართულებით.

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, გ.გ.-მ საკუთარი შემოსავლების გაზრდის მიზნით გადაწყვიტა, კანონიერი ქურდების დახმარებით, ხელში ჩაეგდო თავისი ძმის ბიზნესი. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გ.გ.-მ მასთან მომუშავე, "ქურდული სამყაროს" წევრის - ე. ჩ.-ს მეშვეობით დასახმარებლად მიმართა, ასევე, "ქურდული სამყაროს" წევრს - ი. ფ.-ს, რომელმაც თავის მხრივ გ.გ. საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდ" - გია ცხვარაძესთან - მეტსახელად "გია სამტრედსკის" იგივე "ბაბუს" დააკავშირა, რომლის გადაწყვეტილებით გ.გ.-მ, ი. ფ.-მ და ე. ჩ.-მ შეძლეს გ.გ.-ს ძმასთან მომუშავე მიკროავტობუსის მძღოლების დაშინება. კანონიერი ქურდის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის ბრალდებულები მძღოლებს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ, რის გამოც მძღოლები იძულებული გახდნენ, მუშაობა შეეწყვიტათ. შედეგად გ.გ.-მ ძმის ბიზნესი მიისაკუთრა.

დახმარებისთვის გ.გ.-სგან "კანონიერმა ქურდმა" გია ცხვარაძემ, ი.ფ.-მ და ე.ჩ.-მ მატერიალური სარგებელი მიიღეს.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე 1 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე 4 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print