ახალი ამბები
რატომ შეაჩერეს ტყიბულში მეშახტეებმა დროებით საპროტესტო აქცია
FaceBook
ტყიბულში მეშახტეები აქცია-პროტესტს დროებით წყვეტენ.

მეშახტეების თქმით, ისინი ხუთ ნოემბერს ტყიბულის დეპუტატს, ელგუჯა გოცირიძეს ხვდებიან, რომელმაც ამ შეხვედრიდან ორი დღის ვადაში მეშახტეები პრემიერ-მინისტრს უნდა შეახვედროს. მთავარი მოთხოვნა საშემოსავლო გადასახადის განახევრება და საპენსიო ასაკის დაწევაა. 

"ნოემბრის ბოლომდე თუკი პარლამენტი მიიღებს კანონს, საშემოსავლოსა და საპენსიო ასაკის დაწევაზე, გავჩერდებით, თუ არადა გავაგრძელებთ გაფიცვებს. მარტო ხელფასების გაცემა არ ცვლის არაფერს", - ამბობს ხვიჩა გაბუნია.

მისივე თქმით,  შეთანხმება მთავრობასთან ნოემბრის თვეში ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით მიღწეულია და ნოემბრის თვის ხელფასს სახელმწიფო გადაიხდის.

ტყიბულში მეშახტეებმა აქცია გუშინ, მიმდინარე წლის ორ ნოემბერს დაიწყეს. გამგეობის წინ შეკრებილები შახტებში მოპოვებითი სამუშაოების განახლებას ითხოვენ, რომელიც სამი თვეა შეჩერებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. ისინი ამბობდნენ, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვის კუთხით ვითარება გამოსწორდა და ნახშირის მოპოვებითი სამუშაოების დასაწყებად მზად არიან. კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ფინანსების არ ქონის გამო დასაქმებულებს ხელფასს ვეღარ გადაუხდიან. მეშახტეებს მერის მოადგილე შეხვდა და მთავრობასთან შუამდგომლობას დაჰპირდა.

საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი, თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ ტყიბულში დღეს მიმდინარე პროცესები მოსალონდელი იყო, რადგან მთავრობამ მათი რეკომენდაცია არ მიიღო, რომელიც შახტში მუშაობის უსაფრთხოდ განახლებას ითვალისწინებდა.

ტყიბულის შახტში მოპოვებითი სამუშაობები მიმდინარე წლის ხუთ აპრილს ექვსი მეშახტის დაღუპვის შემდეგ შეჩერდა. უბედური შემთხვევის შემდეგ, კომპანია "საქნახშირი", რომელიც ტყიბულის შახტებში ოპერირებს, ბაზრიდან შესაძლო გასვლაზეც ალაპარაკდა. კომპანიას უბედური შემთხვევის შემდეგ ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები აღარ უწარმოებია.

Print