ახალი ამბები
მეშახტეების აქცია დაიშალა - "ხვალ ისევ შევიკრიბებით"
FaceBook
ტყიბულში მეშახტეების საპროტესტი აქცია დღეისთვის დასრულებულია.
აქციის მონაწილეები გამგეობის წინ აქციაზე 3 ოქტომბერს კვლავ შეიკრიბებიან.  ისინი შახტებში მოპოვებითი სამუშაოების განახლებას ითხოვენ, რომელიც სამი თვეა შეჩერებულია.

"დღეს დავიშალეთ, ხვალ ისევ შევიკრიბებით. ჩვენ ვითხოვთ განახლდეს ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები. კომპანიას ამის უფლებას მთავრობა არ აძლევს და გვინდა, რომ ხელისუფლებამდე მივიდეს ჩვენი ხმა და მოგვეცეს უსაფთხოდ მუშაობის საშუალება. კომპანიასთან არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, რადგან მას დღემდე ჩვენ ხელფასები გაცემული აქვს. ვითხოვთ, მთავრობამ ხელი შეგვიწყოს. კომპანიამ ამოწურა სრული ლიმიტი რაც ქონდა", - განმარტავს ერთ-ერთი მეშახტე ხვიჩა გაბუნია.

მეშახტეები მთავრობისგან მოითხოვენ მიეცეთ მუშაობის შესაძლებლობა, რომელიც როგორც კომპანიას და ასევე, იქ დასაქმებულ ადამიანებს ფინანსურად დაეხმარება.

ამ დროისთვის მინდელის შახტში ის უბნები, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, დახურულია.

რაც შეეხება ძიძიგურის შახტს, 25–მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად იქ იმყოფება. ისინი შახტიდან არ ამოდიან.

საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ ტყიბულში დღეს მიმდინარე პროცესები მოსალონდელი იყო, რადგან მთავრობამ მათი რეკომენდაცია არ მიიღო, რომელიც შახტში მუშაობის უსაფრთხოდ განახლებას ითვალისწინებდა.

ტყიბულის შახტში მოპოვებითი სამუშაობები მიმდინარე წლის 5 აპრილს ექვსი მეშახტის დაღუპვის შემდეგ შეჩერდა. უბედური შემთხვევის შემდეგ, კომპანია "საქნახშირი", რომელიც ტყიბულის შახტებში ოპერირებს, ბაზრიდან შესაძლო გასვლაზეც ალაპარაკდა. კომპანიას უბედური შემთხვევის შემდეგ ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები აღარ უწარმოებია.
Print