ახალი ამბები
"ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბში საკადრო ცვლილებები იგეგმება
FaceBook
"ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბში საკადრო ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ ქუთაისიპოსტს ინფორმაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში დაუდასტურეს.
"იგეგმება საკადრო ცვლილებები", - აცხადებენ "ქართული ოცნების" ცენტრალურ შტაბში, სადაც სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

"ქართული ოცნების" ადგილობრივ ორგანიზაციას ამ დროისთვის ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია ხელმძღვანელობს.

გიორგი ჭიღვარია თბილისში 30 ოქტომბერს იმყოფებოდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქალაქის მერი თბილისში, არჩევნებზე მიღებული ცუდი შედეგების გამო "დაიბარეს".

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მონაცემების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძემ 29 585 ხმა 46.98 %, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 18 058 ხმა (28.67%) მიიღო. ქუთაისში რეგისტრირებული იყო 156 051 ამომრჩეველი.

ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია წინასაარჩევნო პერიოდიდან დღემდე შვებულებაში იმყოფება.

უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების შემდეგ, დღეს, 22 საათზე პირველ ბრიფინგს გამართავს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 50%–იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, რის გამოც, მეორე ტური ინიშნება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჯამში ხმების 38.64% მიიღო, ხოლო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ - 37.74%.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე უნდა დანიშნოს.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურის შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე.

ამავე თემაზე:

ქუთაისის მერი თბილისში "დაიბარეს"

"ქუთაისის მერის [თანამდებობიდან] წასვლა–არწასვლის საკითხი განიხილება"
Print