ახალი ამბები
„წარმოადგინონ მტკიცებულება და ავიღებ პასუხისმგებლობას“ – ვიცე–მერი "იმერეთი ნიუსის" მიმართ შესაძლო ზეწოლაზე
FaceBook
ქუთაისის ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა საინფორმაციო სააგენტო "იმერეთი ნიუსზე" განხორციელებული შესაძლო ზეწოლის შესახებ ბრალდებებს საგანგებო ბრიფინგით უპასუხა.

ვიცე–მერი უარყოფს სააგენტოს მიმართ ზეწოლას და აცხადებს, რომ თუ სააგენტოს მფლობელი მტკიცებულებას წარმოადგენს, იგი მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს. თუმცა, იობაშვილს არ დაუკონკრეტებია იგულისხმა თუ არა თანამდებობის დატოვება.

"მივმართავ სააგენტოს წარმომადგენელს, წარმოადგინოს მტკიცებულება და მე ავიღებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობას. მოხარული ვიქნები თუ სააგენტო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას," - განაცხადა გიორგი იობაშვილმა.

იგივე ბრალდებებისთვის ამ დრომდე არ უპასუხია ვიცე–გუბერნატორს, გრიგოლ დალაქიშვილს, რომელსაც "იმერეთი ნიუსის" დამფუძნებელი, კოტე ცირეკიძე ზეწოლსა და მუქარაში ასევე, ადანაშაულებს.

სააგენტოს დახურვას გამოეხმაურა და ხელისუფლება მედიაზე შეტევაში დაადანაშაულა გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია". 

კოტე ცირეკიძე აცხადებს, რომ ვიცე-მერის და ვიცი-გუბერნატორის მხრიდან მის ოჯახსა და სააგენტოს ჟურნალისტებზე სიტყვიერი მუქარა ხორციელდება, რის გამოც მან სააგენტოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

"ჩემს ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, იძულებული ვარ დროებით შევაჩერო “იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს” ფუნქციონირება. ამის მიზეზი გახდა ქუთაისის ვიცე-მერის, გიორგი იობაშვილისა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილის, გრიგოლ დალაქიშვილის მიერ ჩემ მიმართ, ასევე დედაჩემისა და სააგენტოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ გაჟღერებული პირდაპირი, თუ ირიბი მუქარები. მანამ სანამ ეს ადამიანები რჩებიან თანამდებობებზე, საიდანაც შეწევთ ძალა, ზიანი მომაყენონ მე, ჩემი ოჯახის წევრებსა და სააგენტოს თანამშრომლებს, არ მაქვს მორალური უფლება სააგენტოს ფუნქციონირებისა," - წერს კოტე ცირეკიძე.

კოტე ცირეკიძემ საინფორმაციო სააგენტო რამდენიმე თვის წინ დააფუძნა. ცირეკიძის დედა, ელეონორა არჩაია ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილეა.


Print