ახალი ამბები
ქუთაისის მერი თბილისში "დაიბარეს"
FaceBook
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, რომელიც "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელია, თბილისში იმყოფება.

ჭიღვარია დედაქალაქში დღეს წავიდა, თუმცა "ოცნების" შტაბში მიზეზებზე არ საუბრობენ.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქალაქის მერი თბილისში, არჩევნებზე მიღებული ცუდი შედეგების გამო "დაიბარეს".

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მონაცემების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძემ 29 585 ხმა 46.98 %, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 18 058 ხმა (28.67%) მიიღო. ქუთაისში რეგისტრირებული იყო 156 051 ამომრჩეველი.

ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია წინასაარჩევნო პერიოდიდან დღემდე შვებულებაში იმყოფება.

უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების შემდეგ, დღეს, 22 საათზე პირველ ბრიფინგს გამართავს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 50%–იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, რის გამოც, მეორე ტური ინიშნება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჯამში ხმების 38.64% მიიღო, ხოლო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ - 37.74%.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე უნდა დანიშნოს.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურის შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე.

ამავე თემაზე:

"ქუთაისის მერის [თანამდებობიდან] წასვლა–არწასვლის საკითხი განიხილება"
Print