ახალი ამბები
"ხელისუფლებამ მედიაზე მიიტანა იერიში" - რატომ დაიხურა "იმერეთი ნიუსი"
FaceBook
საინფორმაციო სააგენტო "იმერეთი ნიუსზე",  ქუთაისის მერიისა და იმერეთის გუბერნიის მაღალჩინოსნების შესაძლო ზეწოლას გამოეხმაურა ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშია"

გაერთიანების წევრის, გიგა შუშანიას თქმით, ხელისუფლება აგონიაში და მედიაზე მიიტანა იერიში.

"ქართულმა ოცნებამ" ვერ ისწავლა საკუთარ შეცდომებზე. ვერ ისწავლა, თუ რატომ უთხრა უარი მას ქართველმა ხალხმა. არ ინდობენ საკუთარი ფრაქციის წევრებს და ერთმანეთთან დაპირისპირებით არიან დაკავებული. მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოახდინონ რეაგირება ამ ფაქტზე და არ დაუშვან დამოუკიდებელი მედიის დახურვა არჩევნების მეორე ტურის წინ "- განაცხადა გიგა შუშანიამ.
გაერთიანებული ოპოზიციის პროტესტს შეუერთდა "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, დავით გოგისვანიძეც.

საინფორმაციო სააგენტო "იმერეთი ნიუსის" დამფუძნებელმა, კოტე ცირეკიძემ სააგენტოზე ქუთაისის ვიცე-მერის გიორგი იობაშვილისა და ვიცი-გუბერნატორის გრიგოლ დალაქიშვილის მიერ განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა.

კოტე ცირეკიძე აცხადებს, რომ ვიცე-მერის და ვიცი-გუბერნატორის მხრიდან მის ოჯახსა და სააგენტოს ჟურნალისტებზე სიტყვიერი მუქარა ხორციელდება, რის გამოც მან სააგენტოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

"ჩემს  ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, იძულებული ვარ დროებით შევაჩერო “იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს” ფუნქციონირება. ამის მიზეზი გახდა ქუთაისის ვიცე-მერის, გიორგი იობაშვილისა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილის, გრიგოლ დალაქიშვილის მიერ ჩემ მიმართ, ასევე დედაჩემისა და სააგენტოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ გაჟღერებული პირდაპირი, თუ ირიბი მუქარები. მანამ სანამ ეს ადამიანები რჩებიან თანამდებობებზე, საიდანაც შეწევთ ძალა, ზიანი მომაყენონ მე, ჩემი ოჯახის წევრებსა და სააგენტოს თანამშრომლებს, არ მაქვს მორალური უფლება სააგენტოს ფუნქციონირებისა," - წერს კოტე ცირეკიძე.

ქუთაისის მერიასა და გუბერნიაში ბრალდებებს აბსურდული უწოდებენ.

კოტე ცირეკიძემ საინფორმაციო სააგენტო რამდენიმე თვის წინ დააფუძნა. ცირეკიძის დედა,  ელეონორა არჩაია  ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილეა. 

არის თუ არა დაპირისპირება მმართველ გუნდში და კონკრეტულად რა მუქარაზეა საუბარი, აღნიშნულ საკითხზე არც მაჟორიტარი დეპუტატი და არც სააგენტოს დამფუძნებელი დამატებით კომენტარს არ აკეთებს. 
Print