ახალი ამბები
რა განთავსდება პარლამენტის შენობაში - ალტერნატივები, რომელსაც ხელისუფლებაში განიხილავენ
FaceBook
პარლამენტის ქუთაისიდან გადასვლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება შენობისთვის ფუნქციის ძიებაშია.

ამის შესახებ "ქუთაისიპოსტის" მიერ გამართულ სადისკუსიო შეხვედრაზე ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გენადი მარგველაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე შენობის ფუნქციის ძიებაში არიან და რამდენიმე ვერსიას განიხილავენ.

„ჩამოგითვლით ალტერნატივებს,  რასაც განვიხილავთ: ეს შეიძლება იყოს სავაჭრო ცენტრი, ბიზნეს ცენტრი, რომელიც იქნება სავაჭრო პალატის მსგავსი და სადაც განთავსდება ყველა ბანკი და ასე შემდეგ. მეორე, შეიძლება იყოს სპორტის სასახლე, რომელიც იქნება ცენტრალური, ან გადაიქცევა  დიდ უნივერსიტეტად, ან იქნება ახალგაზრული ცენტრი, ოღონდ ცენტრალური და არა რიგითი.  ამ მიმართულებით იდეებზე მუშაობა არ არის დასრულებული, გვჭირდება ნამდვილი, რეალური ალტერნატივები, “ – განაცხადა მარგველაშვილმა.

ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის გადაწყვეტილება მთავრობამ ერთი თვის წინ მიიღო. გადაწყვეტილების თანახმად, 2018 წლის იანვრიდან პარლამენტი სრულად გადავა თბილისში.

ამავე პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაანონსეს, რომ ქუთაისში არსებულ პარლამენტის შენობაში საპოლიციო დანაყოფი განთავსდება.

ხელისუფლების გადაწყვეტილებას ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი მოჰყვა.

აქციებზე მათი მთავარი მოთხოვნა პარლამენტის ქუთაისში დატოვება გახლდათ.

პარლამენტის გადატანის თემაზე დისკუსიის სრულ ვიდეოჩანაწერს "ქუთაისიპოსტი" დღეს შემოგთავაზებთ.



Print