ახალი ამბები
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სამი ახალი ბაღი შენდება
FaceBook
ბაღების მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 961 000 ლარი დაიხარჯება.


ზესტაფონის მუნიციპალიტეტი სამი ახალი ბაღის მშენებლობას აფინანსებს. ბაღების მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 961 000 ლარი დაიხარჯება.
ახალი ბაღებიდან ერთი ზესტაფონში, დანარჩენი ორი კი სოფელ სვირსა და ქვედა საქარაში შენდება. ახალი საბავშვო ბაღები 200-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი.
სამშენებლო სამუშაოებს სს "იმერეთი" ასრულებს. ააიპ ზესტაფონის მუნიპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიმდინარეობს მუნიციპალიტეტში მოქმედი 10 ბაღის რეაბილიტაცია, რაზეც 72 500 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე წელს, ააიპ ზესტაფონის მუნიპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების დაფინანსება 1 696 000 ლარია.
ამ თანხიდან 1 176 000 ლარი გაერთიანებაში დასაქმებულთა ხელფასებზეა გაცემული, ხოლო კვებაზე 326 500 ლარი დაიხარჯა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სულ 39 ბაგა-ბაღის ფილიალია - 7 ქალაქში, ხოლო დანარჩენი - სოფლებში. გასული წლის მონაცემებით, ბაღებში 1 940 აღსაზრდელი დარეგისტრირდა.
ააიპ ზესტაფონის მუნიპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი, ზოია ლელაძე ვარაუდობს, რომ წელს მუნიციპალიტეტის ბაღებში უფრო მეტი ბავშვი დარეგისტრირდება, რადგან მოთხოვნა მაღალია.
დეა მანაგაძე
Print