ახალი ამბები
აღმაშენებლის ძეგლზე კარიკატურების გაკვრის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო
FaceBook
ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ძეგლზე ოპოზიციური პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატების კარიკატურების გაკვრის ფაქტზე, ქუთაისის მერიამ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ძეგლზე სააგიტაციო მასალის გაკვრა კანონით აკრძალულია.

"ძეგლებზე, ადმინისტრაციულ შენობებსა და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობებზე სააგიტაციო მასალის გაკვრა აკრძალულია, შესაბამისად, ფაქტზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება და მიმდინარეობს იმ პირების დადგენა, ვინც პლაკატები გააკრა",–აცხადებს მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია.

დავით აღმაშენებლის ძეგლზე გრიგოლ ვაშაძის, დავით ბაქრაძის, მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ პუტინის კარიკატურები გააკრეს.

კანონით აკრძალულ ადგილებზე საარჩევნო–სააგიტაციო მასალის გაკვრა, სამართალდამრღვევი პირის 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

Print