ახალი ამბები
სამტრედიაში სატვირთო ავტომანქანებიდან აკუმულატორები მოიპარეს
FaceBook
აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანებიდან 4 აკუმულატორი მოიპარეს.

გარდა ამისა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამტრედიაში მომხდარი ქურდობის ორი ფაქტი გახსნილია. სამი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

"ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ბ. კ., 1968 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. მ. და 1983 წელს დაბადებული წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი ლ. ჭ., ქურდობის ბრალდებით, სამტრედიაში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ სამტრედიაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანებიდან 4 აკუმულატორი მოიპარეს", - განმარტავენ შსს-ში.

სამართალდამცველებმა სამივე პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ლ.ჭ.-მ სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში ერთ-ერთი სახლის გაქურდვის ფაქტიც აღიარა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
Print