ახალი ამბები
შშმ პირმა, არაადაპტირებული ინფრასტრუქტურის გამო, საბჭოს სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო
FaceBook

საფიჩხიის მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა, თამარ ხაჭაპურიძემ ქუთაისის მერთან არსებულ მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დასწრება ვერ მოახერხა.


თამარ ხაჭაპურიძეს, რომელიც შშმ პირია, სხდომაზე სწორედ ადაპტირებული გარემოს შესახებ უნდ წარედგინა საკუთარი ინიციატივა, თუმცა, შენობის მეორე სართულზე ასვლა,  სადაც სხდომა მიმდინარეობდა,  ლიფტისა და პანდუსის არარსებობის გამო  ვერ შეძლო.

ინიციატივის მოსასმენად საბჭოს წევრებს იდეის ავტორთან პირველ სართულზე მოუწიათ ჩასვლა.

თამარ ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მერიის ადმინისტრაციული შენობის მსგავსად, ანალოგიური  პრობლემები ქუთაისში თითქმის ყველა საჯარო დაწესებულებაშია.

"იგივე პრობლემაა ყველგან, თითქმის ყველა ადმინისტრაციულ შენობაში, კულტურულ დაწესებულებებში, თეატრებში, საჯარო ბიბლიოთეკაშიც კი. მოვედი იმისთვის, რომ ამ პრობლემებზე მესაუბრა და საბჭოს წევრებისთვის ადაპტირებული გარემოს შესახებ ინიციატივა გამეცნო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სხდომაზე ვერ ავედი, იმიტომ, რომ არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა", – ამბობს თამარ ხაჭაპურიძე.

ქუთაისის მერიის შენობა შშმ პირებისთვის რომ ფაქტობრივად მიუწვდომელია, ამაზე საბჭოს წევრებმაც ისაუბრეს.

თვითმმართველობის შენობის შესასვლელში პანდუსი ორი წლის წინ მოაწყვეს, თუმცა, შშმ პირები მხოლოდ პირველ სართულზე ახერხებენ შესვლას. 

 

Print