ახალი ამბები
"ქუთაისის მერის [თანამდებობიდან] წასვლა–არწასვლის საკითხი განიხილება"
FaceBook
ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას [თანამდებობიდან] წასვლის საკითხი განიხლება - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ გადაცემაში"თავისუფალი ტრიბუნა" ისაუბრა.
"როგორი მერი გვყავს ყველა კარგად უყურებს. გიორგი ჭიღვარიას მერად მოღვაწეობის ათი თვის თავზე მისი  წასვლა-არწასვლის საკითხი განიხილება კიდევაც და ყველა შეთანხმებულია, რომ ქუთაისს წარუმატებელი თვითმმართველობა ჰყავს. ადამიანები მართავენ ქალაქს, რომლებიც ვერც კომპტენციით გამოირჩევიან და ვერც პრობლემების მოგვარებით. ერთადერთი, რითაც მერი მთელი ისტორიის განმავლობაში შევა და დაამახსოვრდებათ, პორტრეტია. ის პირველი ჩინოვნიკი იქნება, ფარსმან მეორის შემდეგ, რომელმაც საკუთარი ნახატი გამოფინა ევროპაში", - განაცხადა გადაცემაში გიგა შუშანიამ.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ქალაქის პირველ პირს სამთავრობო გუნდი ათთვიან მუშაობას უწუნებს, "ქართული ოცნება", ასევე, უკმაყოფილოა მისი შეცდომებით, რომელიც სკვერს, ნახატს და სხვა საკითხეებს შეეხება. შუშანია ამბობს, რომ ქალაქის მერის მუშაობით უკმაყოფილოა იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძეც.

"საქმე იქამდე არის მისული, რომ ამდროისთვის ორი კანდიდატი ჰყავთ ქალაქის ახალი მერობისთვის. თუმცა, იმასაც ანგარიშობენ, რა დაუჯდებათ არჩევნები. მაგრამ ყველაზე მეტად იმის ეშინია "ქართულ ოცნებას",  მათ კანდიდატს უკვე აღარავინ აირჩევს, ისედაც გიორგი ჭიღვარია ორტურიანი მერია. თავად ქალაქის მერთანაც იყო ამაზე საუბარი და მას ამ პროცესის თებრვლამდე გაჭიანურება უნდა, რადგან მერე წერეთლის უნივერსიტეტის რექტორობას უმიზნებს", – ამბობს გიგა შუშანია.

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ჩვენთან საუბარში აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

"ჩვენ ვართ ერთ–ერთი ლიდერი ყველა მიმართულებით. ქუთაისი არის ერთ–ერთი მოწინავე თანხების ათვისებითაც და ინფრასტრუქტურითაც. ამიტომ, ყველა საქმეს მივიყვანთ ბოლომდე, რაც შევპირდით მოსახლეობას. ვიღაცა ჭორებს ქმნის, მეცინება მაგაზე და არც ვუპასუხებ", – განაცხადა ქალაქის მერმა.

მმართველი გუნდის კანდიდატი, გიორგი ჭიღვარია, ქუთაისის მერად 2017 წლის 12 ნოემბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში აირჩიეს. მან პირველ ტურში 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. პირველი ტურის შედეგების მიხედვით, გიორგი ჭიღვარიამ ხმების 48.66% მიიღო, ხოლო მისმა კონკურნეტმა "ნაციონალური მოძრაობიდან, გრიგოლ ვაშაძემ -27.04 %.

მეორე ტურში კი, სადაც ქუთაისში რეგისტრირებული 152 561 ამომრჩევლიდან არჩევნებზე მხოლოდ 17.98 % მივიდა, გიორგი ჭიღვარიამ 87.55%-იანი მხარდაჭერა მიიღო. გრიგოლ ვაშაძემ კი ხმების 12.45% დააგროვა.

გიორგი ჭიღვარია მერის პოსტზე მუშაობას მიმდინარე წლის 29 ნოემბერს შეუდგა.
Print