ახალი ამბები
"ქართული ოცნების" წევრები "ევროპულ საქართველოს" შეუერთდნენ
FaceBook
"ევროპულ საქართველოს" ქართული ოცნების რვა წევრი შეუერთდა.
ერთ-ერთი მათგანია წყალტუბოს საკრებულოს წევრი, კონსტანტინე შვანგირაძე. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგი უგულავამ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არის ნელად მოქმედი ნაღმი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის. ხელისუფლებიდან წამოსვლა ოპოზიციაში, როდესაც მთავრობა ატერორებს მათ არის სივაჟკაცე და აღსანიშნავია, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ტოვებს "ოცნების" რიგებს", - ამბობს გიგი უგულავა.

კონსტანტინე შვანგირაძის თქმით, პარტიის დატოვების მიზეზი "ქართული ოცნების" მიერ იმ ადამიანების დაწინაურებაა, რომლებსაც წინა წლებში ამ "ქართულ ოცნებას ებრძოდნენ.

"მეორე თვეა დავტოვე. მაჟორიტარული სიით ვიყავი წყალტუბოს საკრებულოში გასული. დავტოვე პარტია იმიტომ, რომ ვინც "ქართულ ოცნებას" ებრძოდა წინა წლებში პარტიამ ეს ხალხი დააწინაურა. "ევროპულ საქართველოში იმიტომ მოვედი, რომ მწამს ძალა, რომელიც ივანიშვილის პარტიას დაამარცხებს არის "ევროპული საქართველო", - ამბობს კონსტანტინე შვანგირაძე.

შვანგირაძის გარდა, "ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, "ოცნების" რიგები დატოვა იმედა აბაშიძემ და მარად თურაძემ აჭარის "ოცნების" ახალგაზრდულიდან, თემურ თუთბერიძემ ზესატაფონიდან, ნიკოლოზ ბუცხრიკიძემ თერჯოლიდან, ნელი ჯალაღონიამ სენაკიდან, ლიზა ჯახაძემ და გიგი ვაშაყმაძემ ქუთაისიდან.

გიგი უგულავას თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში პარტიას 300-მდე ოცნების წევრი შემოუერთდა.
Print