ახალი ამბები
სწავლა მღრღნელებთან ერთად – რა ხდება მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში (ფოტო)
FaceBook
შვილი წელია ააიპ მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში მოსწავლეები ანტისანიტარიულ გარემოში, მღრღნელებთან ერთად სწავლობენ.
საერთო საცხოვრებელი, სადაც 2011 წელს შენობის გარეშე დარჩენილი მოსწავლეები გადაიყვანეს, ამორტიზებულია. დაზიანებულია კედლები, ჭერი და იატაკი. დაბზარული კედლებიდან მღრღნელები საკლასო ოთახებშიც შედიან.







საგაკვეთილო პროცესები ძირითადად შენობის მეორე სართულზე ტარდება, რადგან პირველი სართულის სარდაფში წყალი დგას. 

გარდა ანტისანიტარიისა და სარდაფიდან ამოსული ნესტის სუნისა, შენობაში ფართის სიმცირესაც უჩივიან.
საკლასო ოთახები იმდენად პატარაა, რომ ერთდროულად 4–5 მოსწავლეზე მეტი მეცადინეობას ვერ ახერხებს, მაშინ, როცა უფასო გაკვეთილებზე დასწრების მსურველთა რიცხვმა 2000–ს გადააჭარბა.
სასწავლებელში საკმარისი არ არის არც ინვენტარი. დამტვრეულია მაგიდები და სკამები. 




სასახლის დირექტორი, მარინა მარჯანიშვილი ამბობს, რომ ასეთ გარემოში მოზარდებისთვის განათლების მიცემა დანაშაულია.

"ეს არის კრიმინალზე მეტი, რაც აქ ხდება. სადღაც გაეჭედებიან მღრღნელები, კვდებიან და მერე ორი კვირა ვსუნთქავთ ამ სუნს. დანაშაულია, როცა ბავშვს აიძულებ ისუნთქოს გარდაცვლილი მღრღნელის სუნი. აქ ჩვენი არსებობა არის შეუძლებელი. 31 მიმარულებით მუშაობს წრეები და გვაქვს მხოლოდ 11 ოთახი. ფიზიკურად ვეღარ ვეტევით. 21–ე საუკუნეში არა დაფა, არა სკამი, უმძიმესი სიტუაციაა", – ამბობს მარინა მარჯანიშვილი.

სასახლის დირექტორი შენობის რეაბილიტაციას შეუძლებლად მიიჩნევს და ალტერნატიულ შენობას ითხოვს. ერთ–ერთ ასეთ ალტერნატივად მარინა მარჯანიშვილი ბალახვნის ცენტრში, იუსტიციის სახლის ყოფილ შენობას განიხილავს, საიდანაც საჯარო რეესტრი შვიდი წლის წინ გადავიდა და მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის ყოფილი შენობა დაიკავა, სადაც ახლა იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს. შენობის გარეშე დარჩენილი მოსწავლეები და პედაგოგები კი დროებით თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ამორტიზებულ შენობაში შეიყვანეს, თუმცა, გაუსაძლის პირობებში მოსწავლეები უკვე  შვიდი წელია სწავლობენ. 

2017 წლიდან ქუთაისის მერიის დაქვემდებარებულ ყველა ააიპში სწავლა  უფასო გახდა.  

Print