ახალი ამბები
ჭიათურის მაღაროში სამთო მასის ჩამოშლის შედეგად გვირაბგამყვანი დაშავდა
FaceBook
შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი”-ს, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შუქრუთის მაღაროს № 003 საწარმო უბნის ლავში, სამთო მასის ჩამოშლის შედეგად, 59 წლის გვირაბგამყვანი, გიორგი ლაბაძე დაშავდა, რომელმაც სხეულის მძიმე დაჟეჟილობა მიიღო.

ინფორმაციას საქართველოს პორფკავშირები ავრცელებს. მათი განცხადებით, შემთხვევა 12 ოქტომბერს, 05:00 საათზე მოხდა. დაშავებული საჩხერის საავადმყოფოშია გადაყვანილი მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის.

როგორც ირკვევა გიორგი ლაბაძე ლავში არ მუშაობდა და იმ დღეს სხვის მაგივრად იყო იქ განაწილებული. 

აღსანიშნავია ისიც რომ, აღნიშნულ ობიექტზე დასაქმებულთა გადმოცემით, აღნიშნული ლავი მომეტებული საფრთხის მატარებელია. რამოდენიმე დღის უკან ამ ლავში სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო სკრეპერის მემანქანე გელა კვიჟინაძემ, რომელსაც ფეხზე ქვა დაეცა," - აცხადებენ პროფკავშირებში.

მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ლაბაძის მკურნალობის პროცესი, სადაზღვევო კომპანია ,,უნისონი”-ს ფინანსური მონაწილეობით მიმდინარეობს.

საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი, კომპანიისგან ფაქტის კვლევის კომისიის შექმნას და მასში პროფკავშირის შრომის ტექნიკური ინსპექტორების ჩართვას ითხოვს.

პროფკავშირის მიერ მოკვლეული იქნება გიორგი ლაბაძის ზემოთაღნიშნულ ობიექტზე მუშაობასთან დაკავშირებული ყველა სახის დოკუმენტაციის სისწორე.

პროფკავშირების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მაღაროში დასაქმებული სამთო მასის მოპოვების წესების დარღვევის გამო დაშავდა.

"ღია სამთო მასის ქვეშ მუშაობა არ შეიძლება თუ სივრცე ხეებით არ არის გამაგრებული. ლაბაძეს კი ქვა დაეცა, რაც არ უნდა მომხდარიყო იმ შემთხვევაში, თუ წესები იქნებოდა დაცული," – ამბობს მეტალურგიული და სამთო–ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროკვაშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე.

მისივე ინფორმაციით, პროფკავშირებმა ფაქტის გამოძიების მიზნით საქართველოს შინაგა საქმეთა სამინისტროს წერილობით გუშინ, 14 ოქტომბერს მიმართა.

დაიწყო, თუ არა შშს–მ ჭიათურაში მომხდარი ფაქტის გამოძიება, უწყებაში გვიცხადებენ, რომ პასუხს მალე მოგვაწვდიან.
Print