ახალი ამბები
"დაფიქსირდა ტოტების ჩამოჭრის და ხის სავარაუდო მოჭრის ფაქტი“ – ქუთაისის მერია
FaceBook
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ბუხაიძის #24–ში, მაღაზიის მშენებლობის გამო სკვერში ნაძვების მოჭრის ფაქტი ჯერ ვერ დაადგინა. თუმცა, ტოტების ჩამოჭრის შემთხვევა დააფიქსირა.
"ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლინდა ტოტების ჩამოჭრის უნებართვო ფაქტი, თუმცა, არსებობს ეჭვი რომ ადგილზე ხეც მოიჭრა. მიმდინარეობს ფაქტის მოკვლევა", – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

მერიის ინფორმაციით, ხის ჭრის გამოვლენის შემთხვევაში, მეპატრონე თითო ხის მოჭრისთვის 1 000 ლარით დაჯარიმდება.

ბუხაიძის #24–ში, სკვერში მაღაზიის მშენებლობის გამო ორი ნაძვი მოიჭრა. ინფორმაციას უარყოფს მშენებლობის ხელმძღვანელი, თუმცა, მოჭრილი ხეების ტოტები სამშენებლო ტერიტორიაზე ამ დრომდე ყრია.

სკვერში ნაძვების მოჭრის შესახებ, ადგილობრივებმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურს წერილობით აცნობეს, თუმცა, მერიას მაშინ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია.

სამსახური მომხდარით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ქუთაისიპოსტმა ხეების მოჭრის შესახებ მასალა მოამზადა.

სკვერში მაღაზიის მშენებლობის ნებართვა ქუთაისის მერიამ მეპატრონე ვარლამ დარსაველიძეზე 2018 წლის მაისში გასცა, თუმცა, მერიის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ დარსაველიძეს სკვერში აღნიშნული ტერიტორია 2013 წელს, 30 წლიანი იჯარით, აღნაგობის უფლებით აქვს გადაცემული და მათ უფლება არ ჰქონდათ, რომ ადგილზე მშენებლობის ნებართვა არ გაეცათ.




ამავე თემაზე:


მერიამ, მაღაზიის მშენებლობის გამო, სკვერში ხეების მოჭრის ფაქტის შესწავლა დაიწყო


აღაზიის მშენებლობის გამო სკვერში ნაძვის ხეები მოჭრეს (ვიდეო)
Print