ახალი ამბები
„თაროზე შემოდებული საქმე“ - გამოძიებას დეპუტატის ცემაში ბრალდებული ამ დრომდე არ ჰყავს
FaceBook
19 სექტემბერს, ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, გია უკლებას ცემაში ბრალდებული გამოძიებას ჯერ არ ჰყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქმეზე  დანიშნულია რამდენიმე სახის ექსპერტიზა და გამოძიება პასუხებს ელოდება.

ნაცემი დეპუტატი კი ამბობს, რომ პროცესი შეგნებულად ფერხდება. გია უკლება გამოძიების გაჭიანურებას პოლიტიკური მოტივით ხსნის და აცხადებს, რომ საქმე თაროზე შემოდეს.

"ფაქტია, რომ ძვრა არ არის ამ საქმის. გამოკითხვა მორჩა, საქმის მასალები შეგროვდა, ყველანაირი ექსპერტიზა ჩატარდა და გაგრძელება აღარ ხდება. ეს ცხადად მიანიშნებს იმაზე, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და საქმე თაროზე შემოდეს", - ამბობს გია უკლება.

ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი, ირაკლი გიორგაძე, რომელიც ინცინდენტში მონაწილე ორი პირის – იმედა საღინაძისა და ამირან კოპალეიშვილის ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ გამოკითხვაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირებიც იმყოფებდნენ, თუმცა, კონკრეტულდ რა ინფორმაცია აქვს საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას, არ იცის.

"მე არ ვიცი რა ინფორმაცია აქვს გამოძიებას. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ბრალდებულად ცნობილი ამ საქმეზე არავინ არ არის. მოხდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დათვალირება, ამოიღეს ვიდეომასალაც. თუ გამოძიებამ საქმეში დანაშაულის ნიშნები იპოვა, დამნაშავე პირები მიეცემიან პასუხისგებაში, თუ ვერა,  მაშინ საქმე შეწყდება", – ამბობს ირაკლი გიორგაძე.

მისი თქმით, ამირან კოპალეიშვილსა და იმედა საღინაძეს უსასყიდლოდ, მეგობრობის სახელით იცავს. საჯარო მოხელის პარალელურად კი საადვოკატო საქმიანობის განხორცილების უფლება აქვს, რადგან "ადვოკატთა ასოციაციის" წევრია.

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს, გია უკლებას უმრავლესობის წევრებმა თვითმმართველობის შენობაში 19 სექტემბერს სცემეს.

ინცინდენტი საკრებულოს სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე "ქართული ოცნების" დეპუტატს, იმედა საღინაძესა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გია უკლებას შორის სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა.

გია უკლებას "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატი სცემდა. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გია უკლებამ სახის არეში დაზიანებები მიიღო.

მომხდარზე შსს გამოძიებას სსკ–ს 126–ე მუხლით აწარმოებს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქმეს ქუთაისის სამმართველო იძიებს.


ქუთაისის საკრებულოს ნაცემი დეპუტატი, – საკრებულოში დაპირისპირების ვიდეო ნახეთ აქ.
Print