ახალი ამბები
სპექტაკლი სიმართლესა და სიცრუეზე - მესხიშვილის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან
FaceBook
ქუთაისში, ლ. მესხიშვილის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან.

რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი წარმოადგენს ფრანგი დრამატურგის, ფლორიან ზელერის ერთმოქმედებიანი კომედიის მიხედვით განხორციელებულ სპექტაკლს "სიმართლეს".

სპექტაკლის ავტორები სიმართლის, უფრო ზუსტად სიცრუის პრობლემას ეხებიან. სიცრუე, რომელიც მოიცავს ყველა ფენას და ყველა სივრცეს, იგი მთავარი სალაპარაკო ენა და მთავარი მოთამაშეა ურთიერთობებში.

"(სპექტაკლი) არის ერთ -ერთი მცნების "არა იცრუოს" დევიზად გამოტანა. სადამდე მიყავს სიცრუეს ადამინები, ტყუილს ურთიერთობაში, ოჯახში, საზოგადოებაში. ამის გამო აღარ რჩება ადგილი არც ბედნიერებისთვის, არც წრფელი ურთიერთობებისთვის. ეს პრობლემა აქტუალურია თანამედორვე სამყაროში, სადაც მატერიალური აზროვნება სულეირებასა და კეთილშობილებაზე მაღლა დადგა", - ამბობს სპექტაკლის რეჟისორი.

პიესის ავტორი დასავლურ საზოგადოებას აკრიტიკებს. იგივე პროცესებს და იგივე მომავალს ხედავს სპექტაკლის ავტორი ქართულ საზოგადოებაშიც.

"ის პროცესები რაც დაიწყო დასავლეთში, მერკანტილურ, მომხმარებლური საზოგადოების ჩამოყალიბება, ეხლა აწუხებთ და ძალიან აქტიურად ცდილობენ ამისგან თავის დაღწევას. ვფიქრობ, უნდა გავითვალისწინოთ დასავლეთის ეს გზა, ის შეცდომები და იქნებ რაღაც ვისწავლოთ. ჩვენ ხომ ყველა ნაღმზე ავფეთქდით რაც არაკეთილმოსურნემ დაგვიდო. სხვისი გამოცდილებები გასათვალისწინებელია"- ამბობს გიორგი შალუტაშვილი.

სპექტაკლში მესხიშვილის თეატრის ოთხი მსახიობი იქნება დაკავებული: დავით როინიშვილი, ნინო ჭოლაძე, სოფიო ჩირაძე და გიორგი შალამბერიძე. როგორც რეჟისორი აღნიშნავს, სპექტაკლი საშუალებას აძლევს მსახიობებს გამოავლინონ საკუთარი ნიჭის მაქსიმუმი.

"თითქმის თანაბარია, თავისი მნიშვნელობით ყველა როლი და მაღალ პოფესიონალიზმს მოითხოვს ყველა მსახიობიდან", - ამბობს რეჟისორი.

პრემიერა 17-18 ოქტომბერს გაიმართება.

Print