ახალი ამბები
ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მცხოვრებლები შესაძლო ახალ მშენებლობას აპროტესტებენ
FaceBook

ქუთაისში, ნიკეას ქუჩა #44 ა-ში მცხოვრებლებმა მათი პორპუსის წინ ახალი მშენებლობის შესაძლო დაწყების გამო გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პატრულმა მათ ამის საშუალება არ მისცა.


ადგილობრივების თქით, აქვთ ინფორმაცია მშენებლობის დაწყების თაობაზე, რასაც საფეხმავლო ბილიკი უნდა შეეწიროს. მოსახლეობა ამბობს, რომ მსგავს ფაქტს არ დაუშვებენ.

“როგორც გავიგეთ, რაღაც მშენებლობას გეგმავენ, რომელშიდაც  საფეხმავლო ბილიკისც მოექცევა. ჩვენთვის საფეხმავლო ბილიკის მოწყობას კი სკვერში გეგმავენ, რაც არის წარმოუდგენელი. გზა დარჩეს გზად და სკვერი სკვერად“, - ამბობენ ნიკეაზე 44 ა-ში მცხოვრებლები.

მოსახლეობის პროტესტის გასაცნობად ადგილზე იმყოფებოდნენ ქუთაისის მერიის წარმომადგენლები. 

მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზვიად ჯავახიამ  შექმნილი აჟიოტაჟი ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს შეადარა. მისი თქმით, ტერიტორიის ნაწილი გასხვისებულია, რომელზედაც რაიმე სახის ნებართვა მშენებლობასთან დაკავშირებით მერიაში არ შესულა.  მისივე განმარტებით, გზის ნაწილის სკვერში გადატანის შესახებ არსებული ინფორმაციაც ტყუილია.

„ნებართვა მშენებლობასთან დაკავშირებით გაცემული არ არის. რაც შეეხება მოსახლეობის პროტეტს, ისინი რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ ქალაქის მერს, რომელიც მათ დაჰპირდა, რომ არანაირი მშენებლობა მათთან შეთანხმების გარეშე იქ არ მოხდება“, - აღნიშნა ზვიად ჯავახიამ.

რაც შეეხება ადგილზე დაწყებულ მიწის გათხრის სამუშაოებს, ჯავახიას განმარტებით, მას სოკარ გაზი ახორციელებს, რომელსაც მიწის ქვეშ მილები გაყავს.

Print