ახალი ამბები
ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოება საპროტესტო აქციებისთვის ემზადება
FaceBook
"დატოვე პარლამენტი ქუთაისში", - ამ სლოგანით სოციალური კამპანია იწყება. 
ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოება მასობრივი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება.

სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ქალაქიდან საკანონმდებლო ორგანოს გადატანას აპროტესტებენ. ისინი ფიქრობენ, რომ პარლამენტის თბილისში დაბრუნების შემთხვევაში, საპარლამენტო ქალაქი სტატუსს და მომავალის განვითარების პერსპექტივას დაკარგავს.

"პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირება ეს არის არამარტო ქუთაისის, არამედ თავკომბალად გადაქცეული დედაქალაქის გადარჩენაც. რეგიონების თანაბარი განვითარება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს. ქუთაისი იცლება და ეს გადაწყვეტილება ქალაქიდან ახალგაზრდების გადინებას კიდევ უფრო დააჩქარებს", -  ამბობს ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ხვიჩა ვაშაყმაძე. 


სამოქალაქო სექტორის აქცია ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან ხვალ სესიის პარალელურად გაიმართება. დილიდან პროტესტის ნიშნად მსოფლიო ჩემპიონი სამბოში ბესო მიქელთაძე მშრალ შიმშილობას იწყებს.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, 2019 წლიდან პარლამენტი სრულად თბილისში გადავა. დეპუტატი გადატანის მიზეზად სხვადასხვა არგუმენტს ასახელებს. მისივე თქმით, შენობაში საპოლიციო დანაყოფი განთავსდება.





Print