ახალი ამბები
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
FaceBook
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება. პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება 2018 წლის 3 ოქტომბრიდან და გრძელდება 19 ოქტომბრის ჩათვლით.

ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს ზოგადი საბაზო განათლების (9 კლასი) დამადასტურებული დოკუმენტი, აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს სრული სახელმწიფო დაფინანსებით და დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

გარდა ამისა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, პარტნიორ დამსაქმებლებთან ერთად, ახორციელებენ საგანმანათლებლო პროგრამებს სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების მიდგომით.

რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. ასევე, აპლიკანტებს საშუალება აქვთ გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებ- გვერდის მეშვეობით.

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე.

რეგისტრირებულ აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ. ტესტირების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, აპლიკანტებს საშუალება ექნებათ, გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და შეცვალონ მითითებული პროგრამების ჩამონათვალი პრიორიტეტების მიხედვით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით, რაც მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებასა და პროფესიის მოსინჯვას გულისხმობს.

ისევე როგორც წინა წელს, 2018 წლის საშემოდგომო მიღებაზეც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისათვის, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირებულია ქართული ენის მოდული.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე.

იხილეთ პროფესიული პროგრამებისათვის ტესტირების ნიმუშები

edu.aris.ge
Print