ახალი ამბები
სკოლებში შესაძლოა პროფესიული ცენტრები და საბავშვო ბაღები განთავსდეს
FaceBook
განათლების, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროები ქვეყნის მასშტაბით სკოლების შემოწმებას ახორციელებენ, რის შემდეგაც გამორიცხული არ არის რეგიონებში სკოლის შენობებში საბავშო ბაღები ან პროფესიული ცენტრები განთავსდეს. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ "სკოლის მართვისა და ლიდერობის საერთაშორისო კონფერენციაზე" ისაუბრა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, განათლების ახალი ხედვის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი სკოლამდელი მზაობის პროგრამებია, ამიტომ სამინისტროს მიზანია ამ სისტემაში რაც შეიძლება მეტი ბავშვი ჩაერთოს.

"ჩვენი პირველი ამოცანაა სტანდარტების დასანერგად, რომელიც დამტკიცდა უკვე როგორც 5-6 წლამდე, ასევე 2-4 წლამდე ბავშვებისთვის, შევქმნათ მრავალფეროვანი რესურსები და ეს პროგრამები ხელმისაწვდომი იყოს რაც შეიძლება მეტი ბავშვისთვის. დღევანდელი ინფორმაციით 5-6 წლიანი ბავშვების მხოლოდ 25%-ს ფარავს სასკოლო მზაობის სისტემა და ეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი. მომავალ 5-წლიან პერსპექტივაში უნდა ვისაუბროთ, რომ ეს დაფარვა იყოს აბსოლუტური. არის რეგიონებში სკოლები, რომლებსაც

ინფრასტრუქტურულად შეუძლიათ შეითავსონ ბაღების სივრცე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ამ თვეში ვაწარმოებთ სკოლების შემოწმებას. უნდა ვცადოთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის რესურსი, რომელიც არსებობს რეგიონებში. შესაძლებელია სკოლამ სხვადასხვა ფუნქცია აიღოს თავის თავზე, მაგალითად რომელიმე პროფესიული პროგრამა შეიძლება იყოს სკოლის სივრცეში გახსნილი, ან ბაღი, ან ახალგაზრდობის ცენტრი. სკოლები ბევრ რეგიონში არის ერთადერთი თუ არა ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია. სკოლის გამოყენება მულტი ფუნქციურ ცენტრებად არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს მხარდაჭერით ხდება სკოლების აღწერა მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენ საბოლოოდ გვექნება სურათი რას ვფლობთ. რა მდგომარებაშია სკოლები როგორც ინფრასტრუქტურულად შიგნით, ასევე გარე პერიმეტრის მიმართულებით",- განმარტავს ირინა აბულაძე.

მისივე თქმით, სასკოლო მზაობის პროგრამების განხორციელებასთან იქნება დაკავშირებული სასკოლო ასაკიც, რომლის გადახედვაც კონკრეტული შედეგების დადებამდე არ იგეგმება.

"სკოლამდელი განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორი მზაობით შედიან მოსწავლეები სკოლაში ეს განსაზღვრავს მათ მომავალ აკადემიურ მიღწევებს. ბევრი კითხვა ისმის სასკოლო ასაკთან დაკავშირებით, რომ ხომ არ ვაპირებთ ასაკის დაწევას. გადაწყვეტილება რომლის საფუძველზეც მოსწავლე 6 წელზე ადრე ვერ შედის სკოლაში, მიღებული იქნა ფსიქოლოგების რეკომენდაციით, იმ მოცემულობიდან გამომდინარე რაშიც ჩვენ ვიმყოფებოდით. თუ გვექნება სასკოლო მზაობის პროგრამები, რაზეც მინიმუმ 5-6 წლიან მოსწავლეებს ექნებათ წვდომა, ისინი ცხადია უფრო მომზადებული იქნებიან და მომავალში შესაძლებელია ასაკის დაწევაზე ვისაუბროთ. მაგრამ ახლა ეს ძალიან არასერიოზული იქნება. არანაირი მოცემულობა არ შეცვლილა რომ ჩვენ სასწავლო წლის დასაწყისში, ნაცვლად 6-წლიანი სტანდარტისა ვთქვათ, რომ კარგი 5 წლის ბავშვიც შევიდეს სკოლაში. ვთქვათ ასევე, რომ შეიქმნება რაღაცა კომისია, რომელიც შეაფასებს ბავშვის მზაობას, ეს არის გამორიცხული,მსგავსი რამ გვინახავს წლების წინ და ვიცით რაც ხდებოდა",- აცხადებს მინისტრის მოადგილე.

წყარო: edu.aris.ge
Print