ახალი ამბები
"ვერ ვსარგებლობთ მერის კაბინეტით, ვერ ვიყენებთ ბეჭედს" - ზესტაფონში მერს კაბინეტში არ უშვებენ
FaceBook
ზესტაფონში ერთ კვირაზე მეტია ქალაქის მერს კაბინეტში შესვლის უფლებას არ აძლევენ. კახაბერ მახათაძის გადადგომის მოთხოვნით, ათამდე მოშიმშილეს ზესტაფონის მერიის შენობაში ბლოკირებული აქვს მერის კაბინეტი.

მოშიმშილეები ზესტაფონის მერს კორუფციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მახათაძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.

ზესტაფონის მერიაში პროცესებს მართულს უწოდებენ. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ეკა დუგლაძე ამბობს, რომ მოშიმშილეების უმრავლესობას ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებსაც ახალი წლიდან ზესტაფონის მერიაში ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელდათ და რომ მათ უკან კონკრეტული ადამიანები დგანან.

"არის ვიღაც, ვისაც არ აწყობს ზესტაფონში დალაგებული სიტუაცია. ეს ადამიანები თავიდანვე კახას მოსვლის წინააღმდეგი იყვნენ და ეს პროცესები თავიდან ბოლომდე არის მართული. ერთ კვირაზე მეტია პარალიზებულია მერიის მისაღები, ვერ ვსარგებლობთ მერის კაბინეტით, ვერ ვიყენებთ ბეჭედს, პროცესები სრულად გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს. დღე და ღამე აქ არიან, ფაქტობრივად უმართავია სიტუაცია მერიის შენობაში", - ამბობს ეკა დუგლაძე.

მისი თქმით, თუ პროტესტი ამ ფორმით გაგრძელდა, მაშინ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა სამართლებრივი ზომა პროცესების დასარეგულირებლად.

"ჩვენ ვერიდებით სიტუაციის დაძაბვას, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, უნდა დაგვიცვას ხელისუფლებამ და გამოიყენოს ყველა სამართლებრივი ბერკეტი", - ამბობს ეკა დუგლაძე.

ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 18 სექტემბერს დაიწყო. თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა იმჯდომარე აქცია გამართეს, მოგვიანებით კი მერიის შენობასი შევიდნენ და მერის მისაღები დაიკავეს.

მოშიმშილეები კახაბერ მახათაძეს კორუფციასა და სხვადასხვა კომპანიებში ბიზნესწილების ფლობაში ადანაშაულებენ. 


მავე თემაზე:

,,დაისაჯოს კანონდამრღვევი კორუმპირებული მერი" - ხმაური ზესტაფონის მერიაში

,,დაისაჯოს კანონდამრღვევი კორუმპირებული მერი" - ხმაური ზესტაფონის მერიაში


"თანამდებობიდან გადადგეს კორუმპირებული მერი" - აქციის მერვე დღე ზესტაფონში


Print