ახალი ამბები
ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში ვარცხნილობის გამო მოსწავლის ბულინგის შესაძლო ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
FaceBook
ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ბულინგის შესაძლო ფაქტს შიდა აუდიტი სწავლობს.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მშობლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, ზომებს მიიღებენ. 

"თუკი მოსწავლის მიმართ სკოლის რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ან ნებისმიერი სახის ძალადობას, სამინისტროს მხრიდან რეაგირება უმკაცრესი იქნება", -  განგვიმარტეს სამინისტროში. 

18 სექტემბერს სკოლიდან დაბრუნებულმა მეხუთე კლასის მოსწავლემ დედას უამბო, რომ მასწავლებელმა მას ჯგუფის წინაშე შეურაცხყოფა მიაყენა. მშობელი ამბობს, რომ პედაგოგმა თმის ვარცხნილობის გამო ბიჭის გენდერი ეჭქვეშ დააყენა და ჯგუფს მიმართა გასარკვევად ის ბიჭია თუ გოგო.

მშობლის თქმით, ეს ბულინგის პირველი შემთხვევა არ ყოფილა და როცა ხმა აიმაღლა სკოლის დირექტორმა მას ინტრიგანი უწოდა. შემთხვევიდან მეორე დღეს კი მშობლისვე თქმით მასწავლებელმა მოსწავლეს ბოდიში მოუხადა.

"პედადაგოგმა ბავშვს ბოდიში მოუხადა და უთხრა მოგეფერეო, შეურაცხყოფა არ მომიყენებიაო. ბავშვისთვის ეს საკმარისი იყო. დანარჩენს ალბათ სამინისტრო მიხედავს", - ამბობს დედა.

ქუთაისიპოსტი სკოლის დირექტორთან დაკავშირებას ამ დრომდე ცდილობს, თუმცა ის ჩვენს ზარებს, ჯერჯერობით, არ პასუხობს. სკოლაში ადგილზე მისულებს კი გვითხრეს, რომ ის ამ დროისათვის დაწესებულებიდან გასულია და ადგილზე არ იმყოფება. 

Print