ახალი ამბები
საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო კომისიებში მმართველი პარტიის ოჯახის წევრების დასაქმებაზე განცხადებას აკეთებს
FaceBook
№59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო კომისიებში "ქართული ოცნების" წევრების ნათესავების დასაქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ამის შესახებ ბრიფინგი "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის  წარმომადგენლებმა  გამართეს.

"საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის ქუთაისის საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კონკურსის წესით არჩევასთან დაკავშირებით ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ იხელმძღვანელა ცენტრალური საარჩევვნო კიმისიის რეკომენდაციებით და ყველა კონკურსანტი არჩეულ იქნა კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის რეკომენდაციების საფუძველზე: კარგი პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციური და მიუკერძოებელი საქმიანობა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისია კოლეგიური ორგანოა და მისი წევრები გადაწყვეტილების მიღებისას არიან მიუკერძოებლები. ამასთან განვმარტავთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიას არ აქვს არც უფლებამოსილება და არც ვალდებულება შეისწავლოს კონკურსანტთა ოჯახური მდგომარეობა.

აღსანიშნავია, რომ 730 არჩეული კომისიის წევრიდან 607-ს აქვს საარჩევო კომისიებში 2 და მეტი წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის 173 არჩეული წევრი ფლობს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის, "საარჩევნო განვითარების სკოლის" და "საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების" სერტიფიკატებს. 123 ახალგაზრდას წელს პირველად მიეცა საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის შესაძლებლობა", - ნათქვამია განცხადებაში. 

ლაშა შალამბერიძის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარი წესით ჩატარებულ კონკურსში, შერჩეული 1 000-მდე ადამიანიდან 738 მმართველი პარტია "ქართული ოცნების" აქტივს წარმოადგენს.

მისივე თქმით, ესენია ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას სიდედრი, რომელიც #58-ე საარჩევნო უბანში კომისიის წევრი არის, საკრებულოს დეპუტატის ოთარ ლორთქიფანიძის მეუღლე, საბავშვო ბაღების გამგეები, მუნიციპალიტეტის თავმჯდომარების ოჯახის წევრები და ააიპ-ის წევრები.

Print