ახალი ამბები
"ჭიღვარიას სიდედრი ჰყავს დასაქმებული ერთ-ერთ საარჩევნო უბანში"
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ლაშა შალამბერიძე საუბნო კომისიებში "ქართული ოცნების" წევრების ნათესავების დასაქმებაზე საუბრობს.

ლაშა შალამბერიძის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარი წესით ჩატარებულ კონკურსში, შერჩეული 1 000-მდე ადამიანიდან 738 მმართველი პარტია "ქართული ოცნების" აქტივს წარმოადგენს. 

მისივე თქმით, ესენია ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას სიდედრი, რომელიც #58-ე საარჩევნო უბანში კომისიის წევრი არის, საკრებულოს დეპუტატის ოთარ ლორთქიფანიძის მეუღლე, საბავშვო ბაღების გამგეები, მუნიციპალიტეტის თავმჯდომარების ოჯახის წევრები და ააიპ-ის წევრები. 

"ჭიღვარიას სიდედრი ჰყავს დასაქმებული ერთ-ერთ საარჩევნო  უბანში. ყველა ეს ხალხი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და 2017-ში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს "ქართული ოცნების" პარტიიდან იყვნენ ჩასმულები საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომელთაც ყველას გაფრთხილება და შენიშვნები აქვთ მიცემული. ზოგიერთი დაჯარიმებულიც არის, მაგრამ მაინც ეს ხალხი ვითომ კონკურსის წესით გაიყვანეს საუბნო საარჩევნო კომისიაში", - ამბობს ლაშა შალამბერიძე. 

59-ე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ კომისიის თავმჯდომარე ქალაქში არ იმყოფება და შესაბამისად, ვერ გაგვცემენ პასუხს. 

ქუთაისის მერიაში კი გვითხრეს, რომ საარჩევნო კომისიას ცესკო ადგენს და ადგილობრივი თვითმმართელობა ვერანაირად ვერ ჩაერევა მის საქმიანობაში. 

"რაც შეეხება ქალაქის მერის სიდედრს, ის 90-იანი წლებიდან მუშაობს საარჩევნო კომისიაში და ცესკოს მიერაა დანიშნული", - განმარტავენ მერიაში.
Print